სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს - როგორია გამოხმაურებები მსახიობის მოყოლილ ძალადობის ამბავზე

მსახიობი ნინუცა მაყაშავილი ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საჯაროდ, ია ფარულავას "ფარულ კონვერტში" ალაპარაკდა. ყველაფერი ეს მომხდარი მოვლენებიდან 11 წლის შემდეგ მოხდა.

"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა", - აცხადებს ნინუცა მაყაშვილი.

მეტი ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ, მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი 19 წლის გა­თხოვ­და. ნი­ნუ­ცას პირ­ვე­ლი ქმა­რი თე­ატ­რის პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი იყო. წყვილს და­ო­ჯა­ხე­ბი­დან მალე ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას აღ­ზრდა­ში ნი­ნუ­ცას დედა ეხ­მა­რე­ბა. ბესო ზან­გურს ამ­ჟა­მად მე­ო­თხე მე­უღ­ლე ჰყავს, ნი­ნუ­ცა მე­ო­რე იყო.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ ნი­ნუ­ცა და თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ბესო ზან­გურს კარ­გად არ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, თუმ­ცა და­შო­რე­ბის რე­ა­ლურ მი­ზე­ზებ­ზე მსა­ხი­ობს აქამ­დე არ უსა­უბ­რია.

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია. გუშინ თეატრი ამ ამბავს მხოლოდ Facebook-გვერდზე ერთი წინადადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ „რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას” .

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ ამ შემთხვევის შესახებ დაწერა: „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი“.  ამ პოსტის ქვეშ კი მან  ჰომოფობიური და მოზოგინური განცხადებაც გააკეთა. 

„წინათ ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს. ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბავენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს“, – დაწერა მან.

თავად ძალადობაში დადანაშაულებულმა ბესო ზანგურმა მედიასთან განაცხადა, რომ სიცრუეა, რასაც მისი ყოფილი ცოლი მასზე ჰყვება. მან ასევე თქვა, რომ ეს კამპანია [მსახიობების სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილის მიმართ] რეჟისორ რობერტ სტურუას წინააღმდეგაა მიმართული.

მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ღიად საუბარს მრავალი მხარდამჭერი და სოლიდარობის გამომხატველი გამოხმაურება მოჰყვა.  მსახიობმა თამთა ინაშვილმა მას სოლიდარობა გამოუცხადა და დაწერა, რომ პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს ბესო ზანგურთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობაზე.

ასევე, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობმა, ნანა ბუთხუზმა ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა:

„სირცხვილია! არასდროს არაფერს არ ეშველება ამ ქვეყანასა და ქართულ თეატრს, სანამ მსგავსი მარაზმი, ტყუილი, ფარისევლობა, სიყალბე, ძალადობა და ზეუნიჭობა მოსულა! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს პროფესიას და სრულიად ყანას! ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ძალადობის ყველა მსხვერპლს! (არა აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად იძალადებენ თუ მორალურად“, – განაცხადა მან.

მსახიობი ანა სანაია კი წერს, რომ ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება, ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს:

„თეატრალური საზოგადოება, რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა”.

„სამეფო უბნის თეატრის“ რეჟისორი დათა თავაძე კი წერს, რომ ამაყობს მსახიობ ნინუცა მაყაშვილის გამბედაობით:

„ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოჰყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო.
ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში!

დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა – აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს…

გაუგონარია, ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას ამგვარი რეპუტაცია ჰქონდეს; გაუგონარია, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ მოძალადეები..”.

 

დრამატურგი, მწერალი დავით გაბუნია ამბობს, რომ შორიდან, ყურმოკვრით, დეტალების გარეშე ყოველთვის იცოდა ეს ამბავი და  ყოველთვის ეცოდებოდა ნინუცა მაყაშვილი.

„როგორი შვება იყო, როცა ბოლოს მოახერხა იმ პათოლოგისგან თავის დაღწევა და როგორი მაგარი გოგოა, რომ ახლა ასე ღიად ლაპარაკობს ამ თემაზე. ძალიან ძნელია ხმის ამოღება – მით უმეტეს ნინუცასთვის იყო ძნელი, როცა პატარა და გამოუცდელი გოგო, დამწყები მსახიობი უნდა დაპირისპირებოდა სრულებით გაუგებარი დამსახურებების გამო ქვეყნის მთავარი თეატრის პრემიერად წამოჭიმულ სირბანჯოს (დიდი მაესტროს ფრთებქვეშ შეყუჟულ და მისგან ყველაფრის უფლებამინიჭებულ ქლიავს). ხოდა, ძალიანაც კარგი, ამდენი წლის შემდეგ მაინც რომ მოიკრიბა ძალა და ამაზე ილაპარაკა”, – წერს ის.

ბესო ზანგურის და ნინუცა მაყაშვილის სკანდალის გარშემო, გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მსახიობმა ელენე მაცხონაშვილმა, რომლის თქმით, ზანგურმა ფიზიკურადშეყვარებულზე თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც იძალადა.

“დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს.

სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად!

“დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!” - წერს ელენე მაცხონაშვილი.

მსახიობის მონათხობს ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძეც. ის წერს, რომ ამაყობს ნინუცა მაყაშვილის გამბედაობით:

„მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა „მსახიობ-აკადემიკოსად“ – მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია… ამოიღეთ ხმა”.

პოლიტიკოსი ანა დოლიძე ამბობს, რომ ქალზე ძალადობა და ქალის ჩაგვრა დაუშვებელია და ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქალები ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში. მან სოლიდარობა გამოხატა ნინუცა მაყაშვლის მიმართ და ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

გაცნობებთ, რომ ნინუცა მაყაშვილი ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს, რაზეც მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას საკუთარი ამბით ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითის მიცემა უნდოდა.

რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ია შერაზადიშვილი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბესო ზანგურის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყება თეატრი პროცესის დასრულებამდე მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.