სოფელ ღოღეთთან და ტახტისძირთან რუსმა სამხედროებმა საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან და ტახტისძირთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ოკუპანტების საგუშაგო და ხის ძელები ღოღეთი - თამარაშენის გასაყართან - ადგილზე, სადაც ჯერ კიდევ გასულ წელს, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დადგეს, ისინი ამ დრომდე გადაადგილდებიან სატვირთო მანქანებით.

ხის ძელები კი ადგილობრივებისთვის იმის მანიშნებელია, რომ საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს არარსებული საზღვარი ახალი მავთულხლართებით შემოღობოს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების თქმით, ბოძების ადგილას, სავარაუდოდ, მავთულხლართებს გაავლებენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.