ინდოეთი ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ - 30 ფოტო ეპიდემიის კერიდან

ბოლო დღეების განმავლობაში ინდოეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის ისტორიაში, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა ვირუსის 350 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რაც ერთი ქვეყნის შემთხვევაში, მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების აზრით, რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია, თუმცა სტატისტიკის ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდება.

ინდოელი ინფექციონისტების განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ტემპით გავრცელება დიდ რელიგიურ თავშეყრებს, საჯარო თავშეყრის ადგილების გახსნასა და რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება. მათი განცხადებით, მეორე ტალღის დაწყების ნიშნები ჯერ კიდევ თებერვალში იყო, თუმცა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, მათ უკვე გააგზავნეს ინდოეთში ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვა აღჭურვილობა.

აშშ-ში კი ამბობენ, რომ უახლოეს ხანში ინდოეთს გაუგზავნიან ვაქცინების დასამზადებლად საჭირო მასალას, რომლის ექსპორტიც მანამდე შეზღუდული იყო. ვაშინგტონი ასევე აპირებს, გააგზავნოს ინდოეთში სამედიცინო აღჭურვილობა და დამცავი საშუალებები.

პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ინფექციის ზრდის ტემპმა ქვეყანა შეძრა. ის მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვიყავით თავდაჯერებულები, ჩვენი სულისკვეთება ამაღლდა მას შემდეგ, რაც წარმატებულად გავუმკლავდით პირველ ტალღას, თუმცა ამ შტორმმა შეარყია ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მოდიმ რადიომიმართვისას.

უკვე ოთხი დღეა, ინდოეთში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა გლობალური მასშტაბით რეკორდულად მაღალია. დელიში საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იღებენ ჟანგბადისა და საწოლი ადგილების მწვავე უკმარისობის გამო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მძიმე პაციენტები რიგს საავადმყოფოს გარეთ ელოდებიან.