ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 9.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა.

„მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. ნიშანდობლივია, რომ ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც მნიშვნელოვნად გაზრდის. წინა სხდომის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, საბაზო სცენარში დაახლოებით 4 პროცენტია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის დინამიკაზე ნარჩუნდება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება.

ამასთან, ჯერ კიდევ დაბალი გამოშვების ფონზე, პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით აღმავალ ზემოქმედებას განაპირობებს.

„კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გარკვეულწილად, ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს. ამასთან, საქართველოში და გლობალურადაც, ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე, ფისკალური დეფიციტი კვლავ მაღალია, რაც ადგილობრივ მოთხოვნას ასტიმულირებს. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, საფინანსო სექტორის ლიკვიდობის ადეკვატური ბუფერების შენარჩუნების შედეგად, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. ჯამურად, შიდა მოთხოვნის ზრდა იმპორტის წამახალისებელია. ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მასზე გაძლიერებული წნეხის გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, – განმარტა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, იკვეთება ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურების ნიშნები.

„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურების ნიშნები იკვეთება. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა თებერვალში წლიურად 5.1 პროცენტით შემცირდა. ხოლო შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მარტიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. ამის საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა, პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება.

რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, მარტში საქონლის ექსპორტი 31 პროცენტით გაიზარდა, რაც, გარკვეულწილად, საბაზო ეფექტსაც უკავშირდება. ხოლო, ამავე დროს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 60 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირება 88 პროცენტია. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, მარტში 18-პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარე წნეხი ინფლაციასა და გაცვლით კურსზე კვლავ ძლიერია.

„აღწერილი ფაქტორების ფონზე, ნათელია, რომ მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარე წნეხი ინფლაციასა და გაცვლით კურსზე კვლავ ძლიერია. ამასთან, ის, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეზღუდვასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის რისკსაც შეიცავს და ამდენად, მისი ეტაპობრივად შემცირება საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნით, ივლისის თვიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40 პროცენტს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10 პროცენტამდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70 პროცენტი ან მეტია, ის კვლავ 25 პროცენტი იქნება; ხოლო 40-70 პროცენტის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება. ანალოგიურად, 15-დან 10 პროცენტამდე შემცირდება სარეზერვო ნორმა ერთიდან ორ წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებას, ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდასა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილებას. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 23 ივნისს ჩატარდება.