ენგურზე მამა შვილი მაშინ დაჭრეს როცა უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდათ- დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30 აპრილის დილას აფხაზეთიდან ენგურის გავლით უაქზიცო სიგარეტის გადმოტანისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამა-შვილი დაჭრეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან, ნაფატის მონაკვეთზე მოხდა. 

დაჭრილის დედის თქმით, მათ კონტრაბანდისტული სიგარეტი ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნა.

"2 ყუთი ჰქონდათ, თამამად ვამბობა ამას, არ მაქვს არანაირი საშველი, მაქვს ბანკის ვალები, ვართ მრავალსულიანი ოჯახი, არავინ არ გვეხმარება და თავის გადასარჩენად ჩემმა ბავშვმა წამოიღო ორი ყუთი. არ ვიცი რას ელოდებოდნენ სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება, მიახტა ტვირთჩამოკიდებულ ბავშვს, დააგდო და ესროლა ტყვია. ერთი საათი მინდორში იწვნენ, ვეხვეწებოდი, აგრესიულები არიან აფხაზეთის პოლიციელები". – ამბობს დაჭრილის დედა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარლამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.