საქართველოს დემოკრატიის დონე 0.2-ით დაეცა

Freedom House-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულობის ინდექსი 10 წლის წინანდელს გაუტოლდა.

"საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიის დაჭერამ ცხადად დაუსვა წერტილი საქართველოში რეფორმების მცდელობებს. საქართველოს დემოკრატიის შეფასება ახლა ათწლეულის წინანდელ შეფასებას უტოლდება, სანამ ამჟამინდელი მმართველი პარტია წინა ხელისუფლების ავტოკრატიისგან დაღლილი ხალხის ხარჯზე ძალაუფლებას მოიპოვებდა". - ვკითხულობთ ანგარიშში

Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის ქულა 3.18 -ით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით შემცირდა. ბოლოს საქართველოს ანალოგიური ქულა 2012 წელს მიენიჭა. საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 2017 წლიდან იკლებს და ამ წლების განმავლობაში საშუალო კლება 0.21-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რუკაზე, 2017-2020 წლებში დემოკრატიულობის ინდექსი ყველაზე მეტად სომხეთში გაიზარდა – 0.36 პუნქტით. ყველაზე მეტად კი პოლონეთსა და უნგრეთში გაუარესდა – 0.86 და 0.75 პუნქტებით, შესაბამისად. გარდა ამისა, ბოლო 4 წლის განმავლობაში არ შეცვლილა დემოკრატიის ხარისხი აზერბაიჯანში – ცვლილება ზუსტად 0.0 პუნქტია. 

ნიშანდობლივია, რომ ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ბოლო წლებში დემოკრატიის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც კიდევ უფრო ფართო ტრენდის ნაწილს წარმოადგენს.