ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა. როგორც „როიტერსი“ წერს, ევროკავშირი კრემლის მიერ რვა ევროპელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო პროტესტს გამოთქვამს.

„რუსეთის ელჩი დაბარებულია. მას დღეს საღამოს ევროკომისიის გენერალური მდივანი გაესაუბრება, მკაცრად დაგმობს და პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გამო. რუსეთის ამ ქმედებას ლეგალური ახსნა არ აქვს და ყველა ეს კონტრსანქცია პოლიტიკურადაა მოტივირებული“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ევროკავშირის რვა მაღალჩინოსანს სანქციები 30 აპრილს დაუწესა. მათ შორის არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი და სხვები.

ევროკავშირში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო კვირას დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ.