რა არის ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაპირისპირების მიზეზი? - მოკლედ ფაქტების შესახებ

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დაპირისპირება 10 მაისს გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე მიტანილ იერიშს 35, ხოლო ისრაელზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშს კი, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„როიტერსის“ ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ჰამასმა“ თელავ ივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ღაზაში ცხრასართულიანი შენობა დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში ჰამასის დაზვერვის ცენტრი იყო განთავსებული. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს.

როგორც გითხარით, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 პალესტინელი, მათ შორის, 12 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავდა 233 ადამიანი. ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტაკების შედეგად კი 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ქალი და ორი ბავშვი.

ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დღე-ნახევარში 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა.

სულ ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. საპასუხო იერიშების შედეგად, ისრაელმა ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.

საიდან დაიწყო დაპირისპირება

ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება სათავეს 1947 წლიდან იღებს და მთლიანად 70 წელზე მეტ დროს ითვლის.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც  გაერომ პალესტინის ორად:  ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად გაყოფას დაუჭირა მხარი. 1948 წლის 14 მაისს კი ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა.

დაპირისპირება ისრაელის გამარჯვებით დასრულდა, რის შედეგადაც მან რამდენიმე ტერიტორია შემოიერთა. მნიშვნელოვანი იყო 1967 წელს მიმდინარე 6-დღიანი ომიც, რა დროსაც ისრაელმა რეგიონში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და კონტროლი მოიპოვა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და სხვა ტერიტორიებზე.

ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება იყო 2014 წელსაც. დღევანდელი კონფლიქტის მსგავსად, მხარეებმა ერთმანეთის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს.

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. ისრაელის ხელისუფლება ქალაქის ამ ნაწილიდან პალესტინელების 70-ზე მეტი ოჯახის გასახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება პალესტინელებმა ქუჩაში გააპროტესტეს, რასაც იერუსალიმში მდებარე ალ აქასას მეჩეთთან შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს გასახლების პროცესი, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და მათ მშენებლობების გაგრძელების უფლება აქვთ.

ბოლო დღეებია მხარეებს შორის დაპირისპირება კვლავ გამწვავდა. თავდაპირველად შეტაკებები 7 მაისს, პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაიწყო. სიტუაცია დაიძაბა შეიხ ჯარას რაიონში, სადაც ათეულობით პალესტინელი ოჯახი ცხოვრობს და ახლა გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას.

უცხოური მედიების ცნობით, ვითარება იერუსალიმში სწორედ ამ საკითხის ირგვლივ დაიძაბა, რასაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მოჰყვა.

AP News პალესტინის წითელი ნახევარმთავრის საზოგადოებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაპირისპირების დროს 136 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 83-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ორგანიზაციის განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობას პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებით სახე ჰქონდა დაზიანებული.

მედიის განცხადებით, პარასკევს ანუ იმ დღეს, როცა მუსლიმი მიმლოცველები საღამოს ლოცვას ასრულებდნენ, ალ-აკსას მეჩეთთან დიდი რაოდენობით პოლიციაც იყო მობილიზებული. გამოცემა მიუთითებს, რომ უცნობია, ზუსტად რამ და როდის გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა, თუმცა აღწერს, რომ მომლოცველები პოლიციას სკამებს, ფეხსაცმელებსა და ქვებს ესროდნენ. პარალელურად, სამართალდამცავები მათ წინააღმდეგ ხელმყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ.

გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციები მომდევნო ორი დღეც გაგრძელდა, რა დროსაც ათეულობით მონაწილე და პოლიციელი დაშავდა.

უკვე საჰაერო შეტაკებების დაწყებამდე, ორშაბათს ისრაელში იერუსალიმის დღე, ანუ 1967 წელს ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმზე კონტროლის დამყარება აღინიშნებოდა. მარში ყოველწლიურად იმართება, რა დროსაც, ახალგაზრდები დროშებით მშვლელობას აწყობენ და პატრიოტულ სიმღერებს მღერიან. ამას ბევრი პალესტინელი მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. ბოლო დროს პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე კი, იყო მოლოდინი, რომ ამ დღის აღნიშვნა სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებდა.

როგორც BBC-ის ადგილობრივი ჟურნალისტი წერს, იერუსალიმში დაძაბულობა დილიდან დაიწყო. პალესტინელები მთელი ღამის განმავლობაში ალ-აკსას მეჩეთში იყვნენ და სალოცავს პოლიციელთა შეჭრისგან იცავდნენ. ისრაელის პოლიციის ცნობით, აქტივისტებს თან ჰქონდათ ბარიკადები, ქვები, მოლოტოვის კოქტეილები და იერუსალიმის დღეს დაპირისპირებისთვის ემზადებოდნენ. მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა შენობაში შესვლის ბრძანება მიიღეს და აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პალესტინის წითელი ნახევარმთავრის საზოგადოების ცნობით, დაპირისპირების დროს 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. 228 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან 7 მძიმე მდგომარეობაში იყო. ისრაელის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ დაშავდა პოლიციის 21 ოფიცერიც.

გარდა ამისა, იმავე დღეს, დაძაბულობა იყო ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხაიფაში და დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალას მახლობლადაც.

BBC-ის ცნობით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ეს არის ბრძოლა "ტოლერანტობასა და შეუწყნარებლობას, უკანონო ძალადობასა და წესრიგს შორის". პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა კი ისრაელის ქმედებები დაგმო და თქვა, რომ ისრაელის "საოკუპაციო ძალების შტურმი" სალოცავსა და მომლოცველებზე "ახალი გამოწვევაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის".

Times of Israel-ის ცნობით, ჰამასმა საჰაერო შეტაკებების დაწყებიდან მეორე დღეს, 11 მაისს განაცხადა, რომ 5 წუთში 137 რაკეტა ისროლეს. ორგანიზაცია ისრაელს აფრთხილებს, რომ თუ ცეცხლს არ შეწყვეტენ, "ბევრი სიურპრიზი" ექნებათ. დაჯგუფების თქმითვე, ღაზის სექტორზე განხორციელებულ ისრაელის საპასუხო თავდასხმას მათი ორი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ორი ლიდერის მკვლელობის შესახებ გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. მათი განცხადებით, მოკლულია ჰამასის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ჰასან კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა. უწყების ინფორმაციითვე, მათ კიდევ ერთი მეთაური ფაიკ შარირი მოკლეს.

11 მაისს დაიბომბა თელ-ავივიც, ხოლო ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ისრაელის ცნობით, შენობაში ჰამასის ლიდერები იმყოფებოდნენ.

11 მაისს სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით იქ მცხოვრები პალესტინელები გამოვდინენ ქუჩებში, დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა. ლოდის მერმა ვითარება "სამოქალაქო ომად" შეაფასა.

როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები

მხარეებს შორის ვითარების გამწვავების შემდეგ სწრაფი იყო საერთაშორისო გამოხმაურებებიც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ორივე მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ბლინკენთან ერთად იმყოფებოდა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც, აიმან საფადიც, რომელმაც სიტუაცია "ექსტრემალურად საშიშად" შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი ახლა დეესკალაცია, საერთაშორისო კანონმდებლობისა და პალესტინელთა უფლებების დაცვაა.

შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმაც და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ისრაელსა და პალესტინას კონფლიქტის მოგვარებაში გაეროს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დაეხმარონ.

"ანტონიო გუტიერესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ძალადობაზე, რომელიც ოკუპირებულ იერუსალიმში გრძელდება. ის მოუწოდებს ისრაელს, რომ შეწყვიტოს დანგრევა და გამოსახლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებში.

მიმდინარე დაპირისპირებას გამოუეხმაურა ევროკავშირიც. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები კატეგორიულად მიუღებელია.

ისრაელში არსებულ დაძაბულობაზე ტვიტერზე დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც და თქვა, რომ დეესკალაციას "ალტერნატივა არა აქვს".

"საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის მშვიდობასა და რეგიონში ფართომასშტაბიან სტაბილურობას. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არა აქვს", - წერს ის.

რეგიონში, სადაც ამჟამად დაძაბულობაა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.