„ნამახვანჰესის“ პროექტის ფარგლებში 3 სოფელი იტბორება, მოსახლეობას კომპენსაცია გადავუხადეთ - „ენკას“ დირექტორი

„ნამახვანჰესის“ პროექტის ფარგლებში 3 სოფელი იტბორება, მოსახლეობას კომპენსაციის სახით 35 მილიონი გადავუხადეთ, - აღნიშნულის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

როგორც ლომინაძე აცხადებს, დაკმაყოფილებულია ყველა მოსახლე გარდა ერთი ქალბატონისა ( მაკა სულაძე) და იმედს გამოთქვამს, რომ კომუნიკაციის შემდეგ ისიც თანახმა იქნება.

„კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს მორატორიუმის ფარგლებში, ხოლო ყველა სხვა ინფრასტრუქტურული წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დღესაც და დაახლოებით 400-მდე ადამიანი გახლავთ დასაქმებული.

პროექტის შესაბამისად, იტბორება 3 სოფელი, გადახდილია დღეის მდგომარეობით 35 მილიონი ლარი კომპენსაციების სახით, დაკმაყოფილებულია პრაქტიკულად ყველა მოსახლე რომელიც დატბორვის და ზემოქმედების არეალში იმყოფებოდა გარდა ერთი ქალბატონისა. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების განხილვა, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება", - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება და ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.