საპატრიარქოს საჩივარი, პანსიონიდან გაყვანილი 20 მოზარდი და აღელვებული სამღვდელოება - რა ხდება ნინოწმინდაში

„გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს“, - ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.

ამასთან ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.

ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.

მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონიდან 11 არასრულწლოვანი გამოიყვანეს

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს.

ამასთანავე, 2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკე დაწყებულია.

ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე  გადაიყვანა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან  ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას.

ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება.

სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო  ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ამ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბავშვთა და მოზარდთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და სპეციალისტებმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელეს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ, შექმნილი კრიზისის სამართავად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

მათი შეფასებით, დაწესებულებაში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო და მნიშვნელოვანია, რომ პანსიონიდან ყველა აღსაზრდელი გამოიყვანონ.

„ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სპეციალისტებს მიგვაჩნია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები შექმნილი კრიზისის სამართავად, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპზე დაფუძნებული.მივესალმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას დიდი ზომის დახურული ტიპის ინსტიტუციიდან. მნიშვნელოვანია პანსიონიდან გამოიყვანონ ყველა აღსაზრდელი.

ამ მომენტიდან მოცემული კრიზისის გადაჭრაზე მიმართული ძალისხმევა და ბავშვებზე ზრუნვა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, კერძოდ:

1) კრიზისის მართვის (გარდამავალ) პერიოდში აუცილებელია ბავშვებისათვის დაცული, უსაფრთხო, მათი განვითარებისა და გადატანილ სტრესთან გამკლავებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა;

2) კრიზისის გადასაჭრელად, აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა მივმართოთ ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა - ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. იქ, სადაც ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა ზრუნვის ალტერნატიული, ბავშვის უფლებებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფორმებით;

3) წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს (IRCT) შეფასებით, ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ყოფილი აღსაზრდელების საუბრიდან გამომჟღავნდა, უტოლდება წამებას და არასათანადო მოპყრობას. შესაბამისად, საჭიროა ამ სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება და ფაქტების დოკუმენტირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამისთვის უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით (იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები);

4) ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლი ვერ იშუშებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ჭრილობებს, თუ მართლმსაჯულების სამართლიანი პროცესი არ შედგა. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობის გამოვლენილ ფაქტებზე სათანადო მართლმსაჯულების პროცესის წარმართვა, რომელიც ყველა ჩართული სუბიექტის მხრიდან მომხდარის გამო პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე იქნება მიმართული. ეს, სამომავლოდ, ინსტიტუციურ დონეზე ბავშვთა უფლებების დარღვევების პრევენციაშიც დაგვეხმარება;

5) ამ დღეებში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების თანდასწრებით მიმდინარეობს ბავშვების დაკითხვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები იმყოფებიან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შესაბამისად, ძალადობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სპეციალურად მომზადებულმა პროფესიონალებმა (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები) იმუშაონ ბავშვებთან, შეაფასონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ან გადაამისამართონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სერვისებში.

6) საყოველთაოდ ცნობილია და მტკიცებულებით გამყარებულია, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის ზონა. ამ რისკების აღმოსაფხვრელად, უკვე წლებია, რაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, ახორციელებს დეინსტიტუციონალიზაციის - ანუ, ბავშვთა დიდი ინსტიტუციების დაშლისა და ბავშვებზე ზრუნვის უსაფრთხო ალტერნატიული ფორმების დანერგვის სტრატეგიას. ჩვენს სახელმწიფოში არავის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვებზე ზრუნვის საკითხებში წავიდეს სახელმწიფო სტრატეგიის წინააღმდეგ და შექმნას ბავშვთა ახალი დახურული ინსტიტუციები.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის საფუძველზე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი, კრიზისის მართვაზე ორიენტირებული ნაბიჯები, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, და გამოყოს ამისთვის სათანადო რესურსები.

როგორც პირველი ნაბიჯი, აუცილებელია შეიქმნას კრიზისის მართვის მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფი, რომელიც გადაუდებლად დაგეგმავს კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების ღონისძიებებს“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

2. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT

3. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი

4. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT ქუთაისი

5. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - თბილისი

6. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

7. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა

8. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის

9. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

10. ბავშვთა და მოზარდთა თერაპიის სტუდია ფელიქსი

11. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP

12. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

13. საქართველოს EMDR ასოციაცია1

14. შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემია

15. ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია

16. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

17. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

18. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი

19. საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

20. ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის, გეშტალთ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი საქართველოში

21. ააიპ „მშობლები განათლებისთვის“

22. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია

23. ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია

24. კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი

25. საქართველოს ესოს ბავშვთა სოფელი

26. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

27. ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგი“

28. ფსიქოთერაპიის სახლი კამარა

29. თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი

30. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

31. ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია

32. პიროვნული და პროფესიული გავითარების სივრცე „კაიკონა“

33. ა(ა)იპ ღია სახლი

34. საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია/GYPA

35. საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „კონტაქტი“

36. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აერთიანებს სფეროში ჩართულ 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

ავტორი : მარიამ ხულიაშვილი