ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდაზე: მე ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე

"ჩემი პირადი პოზიციაა – მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს. შეიძლება, მე კარგად არ მესმის, რა სტანდარტს გულისხმობს". – ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სხალთის ეპარქიის მიერ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ვიდეოს გავრცელების შესახებ კითხვას.

"მე გეტყვით, რომ ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები. პატარა ბავშვს როდესაც ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე, თუ მოგეცემათ საშუალება ოდესმე საშუალება და მათ გამოკითხავთ, რას განიცდიან როდესაც ამას ეკითხებიან, მიხვდებით, რა არის რეალურად ზეწოლა მათზე". – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ. 

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ჯაღმაიძე ამბობს, რომ ისინი ესაუბრნენ პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვანებს და იქ "სრულიად სიმშვიდეა".

სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.