ციფრული კოვიდსერტიფიკატების გამოყენება - ევროპარლამენტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სხდომაზე, ციფრულ კოვიდსერტიფიკატებთან დაკავშირებულ რეგულაციებს მხარი 543 -მა კანონმდებელმა დაუჭირა, 93 - წინააღმდეგი წავიდა, 46-მა კი - თავი შეიკავა.

ხსენებული რეგულაცია ძალაში 2021 წლის 1-ელი ივლისიდან შევა და 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

წესდების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების მიერ კოვიდსერტიფიკატის გაცემა უფასოდ მოხდება ქაღალდის დოკუმენტის ან ციფრული სახით. დოკუმენტში დამოწმებული იქნება, რომ პირი ვაქცინირებულია, ან კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს ან ვირუსი გადაიტანა.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კოვიდსერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი.

ამასთანავე, ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილების კოვიდსერტიფიკატები.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ინდივიდუალურად წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, აღიარებენ თუ არა ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნულო დონეზე, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო გამოყენების მიზნით დამკტიცებული ვაქცინებით აცრილების სერთიფიკატებს.

მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.