ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები ექსტრემისტულად და არაკანონიერად გამოცხადდა - რუსეთის სასამართლოს დასკვნა

რუსეთის სასამართლომ, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, ექსტრემისტულად და არაკანონიერად სცნო.

აღნიშულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, მსგავს სტრუქტურებში მოიაზრება, „ანტიკორუფციული ფონდი“ და „მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი“, რომლებიც რუსეთში აღიარებულია, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებენ უცხო აგენტის ფუნქციებს, ასევე ექსტრემისტულად გამოცხადდა პოლიტიკოსის შტაბიც.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ისინი, ვინც ამ ორგანიზაციების შექმნაში მონაწილეობდნენ არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრიან.

ივნისში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ტერორისტულ ან ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირებს არჩევნებში კენჭისყრის უფლებას დროებით უზღუდავს. ამასთან, ჩართულობად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ამ სტრუქტურებში პირდაპირი მუშაობა, ისე მათი მხარდაჭერა სოცქსელებში.

სასამართლო სხდომა რამდენიმე საათი გაგრძელდა და გვიან საღამოს დასრულდა.

პროკურატურის განცხადებით, ნავალნის მომხრეებს შესაძლებლობა აქვთ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აღასრულონ ის, ანუ დაუყოვნებლივ შეაჩერონ ორგანიზაციების საქმიანობა.

”როდესაც კორუფცია სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველია, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები ექსტრემისტები არიან”, - ასეთი განცხადება  ალექსეი ნავალნის ინსტაგრამზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოჩნდა.

როგორც რუსი ოპოზიციონერის ადვოკატები აცხადებენ, მიღებულ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ნავალნის შტაბის საქმიანობა განაჩენის დადგომამდე ჯერ კიდევ აპრილში შეაჩერა.

რამდენიმე ხნის შემდეგ შეჩერდა „ანტიკორუფციული ფონდის“ და „მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდის“ საქმიანობაც.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ე.წ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საწამლავით მოიწამლა და მკურნალობას გერმანიაში მდებარე კლინიკაში გადიოდა.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, ის რუსეთში დაბრუნებისას აეროპორტში დააკავეს.

მას ბრალს ე.წ „ივ როშეს“ საქმეზე უყენებენ, რაც დაახლოებით 3 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნავალნის განცხადებით, მისი მოწამვლის უკან ვლადიმერ პუტინი დგას, ხოლო მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე კი პოლიტიკურად მოტივირებულია.