ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში ომი 31 აგვისტოს დასრულდება

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში ომი 31 აგვისტოს დასრულდება და ამერიკა ამ ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფებს მთლიანად გამოიყვანს.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია "ენბისინიუსი" ავრცელებს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დაჩქარების მიზეზი რეგიონში არსებული დაძაბული სიტუაცია და სამოქალაქო ომის დაწყების მზარდი საფრთხეა. 

"ჩვენ ავღანეთში სახელმწიფოს შესაქმნელად არ წავსულვართ. ავღანელი ხალხის უფლება და პასუხისმგებლობაა, თავად გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის მომავალი", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების ავღანეთში დარჩენით ქვეყნის მომავალი კურსი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და მათი იქ დარჩენა გაუმართლებელია. 

თუმცა, ბაიდენის აზრით, აშშ-მ შეასრულა თავისი საწყისი მიზანი, რაც ალ-კაიდას დასუსტებასა და ბინ ლადენის ლიკვიდაციას გულისხმობდა. 

"თითქმის 20-წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამატებით ერთი წლით ავღანეთში ბრძოლა გამოსავალი არ არის. კიდევ რამდენი ათასი ამერიკელის სიცოცხლით ხართ მზად, გარისკოთ? მე არ გავაგზავნი ამერიკელების კიდევ ერთ თაობას ავღანეთის ომში, ისე რომ სხვა შედეგის მიღწევის გონივრული მოლოდინი არ არსებობს“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ უზრუნველყოფს იმ ავღანელების უსაფრთხოებას, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ. გარდა ამისა, დაჩქარდება მათთვის ვიზების მიცემის პროცესი. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება.