სამხრეთ კორეასა და მის მეზობელ რეგიონებში პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები წესდება

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ სეულში კოვიდშეზღუდვები გაამკაცრა. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქლაქში კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა.

ახალი წესების თანახმად, რომელიც ორშაბათიდან შედის ძალაში და 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შინ დარჩენის, სკოლებს კი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია ეძლევათ.

ამასთან, 18:00 საათიდან 04:00 საათამდე ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, სასტუმროებს კი მხოლოდ 2/3-ით დატვირთვით მუშაობის უფლება მიეცემათ. კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები 22:00 საათზე დაიხურება, დაიკეტება ღამის კლუბები და ბარები, რესტორნებსა და კაფეებს კი შეზღუდული დატვირთვით მუშაობის უფლება მიეცემათ, 22:00 საათიდან კი მხოლოდ გატანის სერვისით მომსახურების უფლება ექნებათ.

ამასთან, დამსაქმებლებს თანამშრომლების 30%-ის დისტანციური რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაცია ეძლევათ.

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დელტა“ ვარიანტის შემთხვევები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. სამხრეთ კორეაში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ის 165 344 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 2 036 ადამიანი.

ქვეყანაში, სადაც თითქმის 52 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის მხოლოდ 10 % არის აცრილი.