BBC, Guardian, Reuters და Deutsche Welle - საერთაშორისო მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

უცხოური გავლენიანი მედიასაშუალებები BBC, Guardian, Reuters და Deutsche Welle 5 ივლისს ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე სასტიკად ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურებიან.

BBC-ი სტატიაში წერს, რომ ლექსო ლაშქარავა ერთ-ერთი იყო იმ 50 დაშავებული ჟურნალისტიდან, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ.

ტექსტში ნათქვამია, რომ ლაშქარავას სახის არეში რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა კლინიკიდან მაინც გამოწერეს.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშქარავას გარდაცვალება საშინელ ტრაგედიად შეაფასა, თუმცა მის გადადგომას ითხოვენ. ის მთავრობასთან ერთად დადანაშაულებულია ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში“, - წერს BBC.

Guardian-ი საკუთარ სტატიაში წერს, რომ ქართველი ოპერატორი ულტრამემარჯვენე, ანტი ლგბტ ჯგუფების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოჩენილი ქართული ტელევიზიების მენეჯერები და წარმომადგენლები ღარიბაშვილის მთავრობას ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

„ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ღარიბაშვილი მკაცრი კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ის პრაიდის მარშის ჩატარებას შეეწინააღმდეგა და მასზე თქვა: „საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია“, - წერია სტატიაში.

Reuters-ის სტატიაში ნათქვამია, რომ აქტივისტები ხელისუფლებას მოძალადე ჯგუფების წახალისებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს ძალადობისგან დაეცვათ ჟურნალისტები და ლგბტ თემის წარმომადგენლები.

„ძალადობისა და ლაშქარავას გარდაცვალების გამო პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტთან და მმართველი გუნდის ოფისთან, ასობით ადამიანი შეიკრიბა“, - წერს Reuters.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას Deutsche Welle-ც ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ოპერატორი, რომელსაც ლგბტ მარშის ჩატარების წინააღმდეგ გამოსულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლება სასტიკად სცემეს, გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავას მაშინ სცემეს, როცა 50-ზე მეტ ჟურნალისტს ჰომოფობიური დაჯგუფებები თავს დაესხნენ. გამოცემა ასევე წერს, რომ ძალადობამ საქართველოში ლგბტ საზოგადოებას მარშის გაუქმება აიძულა.

მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მას 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ.

ამასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლები გუშინ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და შსს-ს მინისტრის გადადგომაა. მეორე აქცია დღეს 18:00 საათზეა დაანონსებული.