თალიბანმა პაკისტანის საზღვართან მყოფი მნიშვნელოვანი ქალაქი და სავაჭრო პუნქტი დაიკავა

თალიბანი აცხადებს, რომ მათ პაკისტანი-ავღანეთის საზღვარზე მნიშვნელოვანი პუნქტი დაიკავეს. ი

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ, ავღანეთის ეროვნული არმიის ძალები თალიბანს დანებდნენ და ისლამისტურმა დაჯგუფებამ პაკისტანისა და ავღანეთის მნიშვნელოვანი მაკავშირებელი პუნქტი, ვეშის დასახლება დაიკავა. ვეში კანდაჰარის პროვინციაში მდებარეობს. 

ამასთან, პაკისტანის საზღვართან, დურანდის ხაზთან მყოფი დასახლების დაკარგვის დადასტურება თავდაპირველად ავღანეთის მთავრობამ ვერ შეძლო. 

"მუჯაჰედებმა მნიშვნელოვანი სასაზღვრო ქალაქი, ვეში დაიკავეს კანდაჰარის პროვინციაში. ამით მნიშვნელოვანი გზა ქალაქ ბოლდაკს, ჩამანსა და კანდაჰარს შორის მუჯაჰედების კონტროლქვეშაა". – ამბობს თალიბანის სპიკერი, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი. 

ცნობისთვის, ავღანეთის მთავრობის ანგარიშების მიხედვით, პუნქტის გავლით, რომელიც თალიბანმა დაიკავა, პაკისტანიდან დღეში 900 სატვირთო მანქანა შედიოდა.

გასულ კვირაში თალიბანმა ავღანეთისა და ირანის საზღვარზე მთავარი პუნქტი დაიკავა. ირანულმა მედიებმა ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც თალიბანის წევრები დაკავებულ გამშვებ პუნქტზე აღმართულ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დროშას ხსნიან.