ანა სუბელიანი 5 ივლისის პაგრომს იხსენებს - ლექსო სწორედ ჰომოფობიური სიძულვილის შედეგად დავკარგეთ

ავტორი: ანა სუბელიანი

უმძიმესი დღეებია. ვზივარ სახლში გამოკეტილი და კედლებს ვასკდები, ვტირი იმდენს, რომ აღარ ვიცი, რითიღა ვიმართლო თავი დადასთან, როგორ ავუხსნა, როგორ დავიცვა ისიც ტკივილისგან. რამდენჯერმე ისიც ამყვა, სხვა შემთხვევებში ვეცადე სიცილში გადამეყვანა, საკუთარი ემოციურობა კოვიდისთვის დამებრალებინა და დამეცინა ამ მდგომარეობისთვის. ძირითადად ვერც ვეკონტაქტები, ვარ საქმეებში, რომელთა ნაწილს უკვე ძალით ვჩხრეკ, ან ფიქრებში, რომლებიც მტანჯავს.

გუშინ ავდექი და დღიური დავწერე, რასაც უიშვიათესად ვაკეთებ. იმ დღიურში ლექსოს გამოვემშვიდობე, მირანდასაც ბოდიში მოვუხადე რაღაც-რაღაცების გამო. მას ვნახავ, ჩავეხუტები, ბევრს ვილაპარაკებთ და ვიტირებთ ერთად, ალბათ ვიცინებთ კიდეც. ლექსოს კი სამწუხაროდ არცერთხელ არ შევხმიანებივარ, არც დამიშვია, რომ ასეთი საფრთხე ემუქრებოდა, არც ვიცნობდი კარგად და თავისთვის მისი შეწუხების უფლება არ მიმიცია. ძალიან მტკივა ახლა ამის გამო გული, მაგრამ ვეღარაფერს ვიზამ. მთელი ეს დღეებია თვალწინ მიდგას ის წამები, როცა თურმე ლექსოს ასე იმეტებდნენ, მე კი დათოსთან და ეთოსთან ერთად სირცხვილიას ოფისის უკან, ერთერთ ეზოში კედელზე აყუდებული სუნთქვას ვიკავებდი და ვლოცულობდი, რომ ვერ ვეპოვეთ და რომ ჩემი შვილის ნახვა კიდევ შემძლებოდა. ხმა გვიახლოვდებოდა, ჯოჯოხეთური ხმა, მწვალებლების ხმა. ფეხები გვიკანკალებდა. ზუსტად ვიცოდით, რომ გვეძებდნენ, რადგან დაგვინახეს და სანამ გავრბოდით, წამებში ჩალეწეს კარი მუშტებით და ასე გავეშებულები მოგვდევდნენ. ვიცოდით, რომ თუ იმ ჩიხში გვიპოვიდნენ, ცოცხლებს არ დაგვტოვებდნენ. თურმე ზუსტად ამ დროს მათ ნაწილს შენობაშივე ყავდათ მომწყვდეული მირანდა და ლექსო, რომლებიც ოფისიდან გამოსვლისას ვერც კი დაუშვებდნენ, რომ მათ ასე მოექცეოდნენ.

არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც კი გვითხრა, რომ თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა. ეს იყო ყველაზე ამაზრზენი რამ, რაც იმ დღეს მოვისმინეთ. ისღა დაგვრჩენოდა, შევვედრებოდით, ჩუმად ყოფილიყო და ჩვენთვისაც იქვე ჩუმად დგომის საშუალება მოეცა.

მარიამმა მოგვაკითხა ტაქსით, შენობიდან გამოქცეულ და მირანდას მიერ გადარჩენილ კიდევ ერთ ბიჭთან ერთად, რომელზეც მირანდას მოძალადეებისთვის მოუტყუებია, აქ ცხოვრობსო. არც ახსოვს მგონი ერთი ადამიანის სიცოცხლე რომ ასე იხსნა. მანქანაში მხოლოდ ეს ფრაზა ისმოდა ჩვენგან "არ მჯერა". მხოლოდ ამას ვამბობდით, გაუჩერებლად. მერე კი იცით რეებიც ხდებოდა, გაეროს ოფისი, ოფისში პანიკა, ამ დროს პრაიდის ოფისში შეჭრის ამბები, ნერვიულობა ლეკვზე, რომელიც იქ გვყავდა დატოვებული და რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ კარგი სამალავი იპოვა სადღაც კუთხეში. მერე იქიდანაც გამოქცევა, დათოს და თორნიკეს ცემა, ჩვენი ისტერიკა, მერე დამშვიდება, რადგან ცოცხლები არიან. გიორგის შემთხვევითი გადარჩენის ამბები, აქაც საშინელი შიში და თან სიხარული, რომ ესეც დაუსხლტა, ვერ შეუვარდნენ მანქანაში, თორემ მასაც ხომ აუცილებლად მოკლავდნენ. ამ ემოციების ფონზე, უკვე მესამე ლოკაციისკენ მიმავალი საშინლად გაწელილი გზა. ნინიას მანქანით თბილისის ქუჩებში უკიდეგანო სიარული, დამაბნევლად სიარული, ვიწრო ქუჩებში, მერე ჩიხებში აღმოჩენა, უკან გამობრუნება, თავების ჩაწევა, რომ არავინ დაგვინახოს, რომ ვერავინ ჩვენს კვალს ვერ გამოყვეს.

კვლავ მუდმივი რეკვა ერთმანეთთან და გადამოწმება, ხო ყველა ცოცხალია. მხოლოდ დაცული პლატფორმების გამოყენება, რომ ვერავინ გაიგოს, სად ვართ, და მაინც, ყველგან გვაგნებენ მისვლიდან 10 წუთში.

ადამიანის უფლებათა სახლში უკვე ძალიან ბევრმა მოვიყარეთ ერთად თავი. მასპინძლები გვივლიდნენ, გვამშვიდებდნენ. ჩვენ კი ძალას ვიკრეფდით, რომ ღირსების მარშის გაუქმების შესახებ განცხადება ბოლომდე მიგვეყვანა და მალე გამოგვექვეყნებინა. ესეც ძალიან მტკივნეული იყო. ვიცოდით, რომ რისკები იქნებოდა, მაგრამ მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდით. არავითარი სხვა არჩევანი აღარ გაგვაჩნდა, ადამიანებს ვერ გავწირავდით. ჩვენ უკვე გაგვწირა ჩვენმავე ხელისუფლებამ. საჯიჯგნად მიუგდო ჩვენი თავი მოძალადეებს, არაადამიანებს, არსებებს, რომლებიც დედამიწას ამძიმებენ და არაფერი სიკეთე არ მოაქვთ სამყაროსთვის. და აი ამ ამბებში და ემოციებში ვართ, რომ აქაც ალყაში ვექცევით, ასაფეთქებელ საშუალებებს გვესვრიან, ვარკვევთ, შეუძლიათ თუ არა, გადმოძვრნენ შენობაში.. შენობაში, სადაც იმიტომ მოვედით, რომ შორი იყო და დაცული. არსად არ აღმოვჩნით დაცული. გვანცა შემოვარდა, მუცლიდან სისხლი სდიოდა და სანამ შევკივლე, აქეთ სცადა ჩემი დამშვიდება. ნიკამ გაგვიყვანა სასწრაფო წესით მთავარი არხის მანქანებით. გვეგონა, ახლა მაინც ვიქნებით დაცულებიო, რომ უბედურმა შემთხვევამ კინაღამ იქვე წაგვართვა ადამიანი. გადავრჩით, მხოლოდ მოტეხილობებით დაუძვრა ჩვენი ადვოკატი, გიორგი უზარმაზარი კარის დაცემას და მის ქვეშ მოყოლას. იქაც აღარ ვიყავით უსაფრთხოდ, კვლავ მოგვიწია სამოგზაუროდ წასვლა და ასე დაფანტულებმა ვიარეთ მთელი დღე ქალაქის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლოში.. რვა ადგილი მოვიცვალე, რვა! მეგონა ამდენი ნერვიულობისგან უბრალოდ მოვკვდებოდი, ვეღარ გავუძლებდი. გზადაგზა ვიგებდი ჟურნალისტების ცემის ამბებს, რაც მაგიჟებდა. და მაინც, ლექსოზე და მირანდაზე არაფერი ვიცოდი. მთელი დღე ერთმანეთის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადამოწმებაში გავატარეთ და ბოლოს ისევ სირცხვილიაში მივედით. ის იყო მაშინ ჩემი სახლი, ნავსაყუდელი. ადგილი, საიდანაც დაიწყეს ჩვენი ნადირობა, მაინც ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდა ჩემთვის ჩემიანების, ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების წყალობით. თან დაცემული და განადგურებული ვიყავი და თან ბედნიერი, რომ ყველანი ცოცხლები გადავრჩით. მომდევნო დღეებიც სულ ამით ვხარობდი, როგორ გაგვიმართლა, რომ ყველანი ცოცხლები გადავურჩით ამ ჯოჯოხეთს მეთქი და თურმე ნამდვილი ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ წინ იყო.

ბევრი მოვყევი, ვიცი, მაგრამ მჭირდება ამოთქმა. მჭირდება დაცლა... იმაზეც მჭირდება საუბარი, როგორ ვგრძნობ თავს, როგორც აქტივისტი, როგორც თბილისი პრაიდის წარმომადგენელი, როგორც ქვიარ თემის წარმომადგენელი. აქაც ბევრი ფიქრი და ემოცია ირევა. სულ იმაზე ფიქრი, რა იყო სწორი და რა არასწორი, რა მოვიპოვეთ და რა დავკარგეთ. რამდენად აქვს ამ წუთას ჩემთვის ფასი იმ ძალისხმევას, რაც გავიღე და რამდენად ექნება ფასი მას სამომავლოდ..

გულწრფელი რომ ვიყო, მიტოვებულადაც ვგრძნობ თავს, იგნორირებულად. რამდენიმე დღეა, აი ასე ყველაფრის შედეგად ერთიანად ძალაგამოცლილი ვზივარ და ვუყურებ ტელევიზორს, ვუსმენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და ვცდილობ გავიაზრო, რანაირად ხდება ის, რომ მთელი ამ ამბიდან ჩვენ სრულებით გავქრით. მთელი ისტორიიდან, რომელსაც ამ დღეებში ვისმენთ, ამოშლილია ქვიარების ბრძოლა, ბრძოლა თანასწორობისთვის, ბრძოლა სიძულვილის წინააღმდეგ, ჰომოფობიური სიძულვილის წინააღმდეგ. გამქრალია მთელი კონტექსტი, მთელი წინაპირობა იმ ჯოჯოხეთისა, რომლის წინაშეც ახლა მთელი საზოგადოება ერთად ვართ. ყველა ცდილობს გაექცეს ჩვენს ხსენებასაც კი, თითქოს არ ვარსებობთ, თითქოს არაფერი მომხდარა ჩვენს თავს და ჩვენს შესახებ. თითქოს სწორედ ჩვენთვის ყველაზე საბაზისო უფლების წართმევის მიზნით არ დაატრიალეს ჩვენმა ხელისუფლებამ, საპატრიარქომ და ტეროორისტებმა ძალადობის ქარიშხალი თბილისის ქუჩებში. მართლა ვერ ვხვდები, რანაირად ყვება ყველა ამ ისტორიას ამის ხსენების გარეშე. ამ დროს კი მთავარობა ღია ომს გვიცხადებს აქტივისტებს, ქვიარებს ქუჩებში კვლავ თავს ესხმიან და არც მედიისთვის და არც პოლიტიკოსებისთვის ჩვენ არ ვარსებობთ. ფერადთმიან ახალგაზრდებზე თუ იტყვის ვინმე ორ სიტყვას, ესეც გვიხარია, რადგან ყველამ ვიცით ამ კოდურ ფრაზაში მხოლოდ ფერადთმიანები რომ არ იგულისხმებიან.

ლექსო სწორედ ჰომოფობიური სიძულვილის შედეგად დავკარგეთ. სწორედ იმ სიძულვილის, რომელსაც წლებია გააზრებულად და მიზანმიმართულად აღვივებს ჩვენივე ხელისუფლება და საპატრიარქო და რომელსაც სამწუხაროდ, მედიაც თავისდაუნებურად ხელს უწყობდა მოძალადეებისთვის სივრცის მიცემით. წელს მედიამ შეძლო და ამ მავნე პრაქტიკაზე მაღლა დადგა, უარი თქვა ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებაზე, საოცრად მაღალი სტანდარტი აჩვენა, ღიად და მკაფიოდ დადგა თანასწორობის და ადამიანის უფლებების მხარეს და ალბათ არც ეს აპატიეს. მაგრამ ეს რეალობა ხომ არსად გამქრალა. თუ არ გავიაზრებთ და ხმამაღლა არ ვეტყვით მთელს საზოგადოებას, რომ ლექსო სწორედ ამ სიძულვილმა იმსხვერპლა, თუ არ გავიაზრებთ იმასაც, რომ რაც ხუთში ვნახეთ და განვიცადეთ, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, დებისთვის, ძმებისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის - კონკრეტულად ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა, თუ ამ ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს არ ვაგრძნობინებთ რომ მათ გვერდით ვართ, და დანარჩენ საზოგადოებასაც არ ვაჩვენებთ, რომ ფარად ამოვეფარებით ყველას, ვისაც ამ დაუმსახურებელ სიძულვილში უწევს ცხოვრება, ხვალ კიდევ გვეყოლება მსხვერპლი. სულ ამ ჩაკეტილ წრეზე ვივლით. ვერც ეს პროტესტი და ბრძოლა იქნება გულწრფელი. და თუ ბრძოლა არ არის გულწრფელი და სამართლიანი, ის წარმატებას ვერასდროს მიაღწევს.

ნუ დაივიწყებთ ქვიარებს, რომლებიც მთავარი სამიზნეები არიან ამ უკიდეგანო სიძულვილის და აგრესიის... ქვიარებს, რომლებიც მუდამ უდიდესი რისკის და ხშირად, ღირსების შელახვის ფასად დგანან ყველა სამართლიანი ბრძოლის გვერდით! ნუ დაგვივიწყებთ აქტივისტებს, ვინც სრულიად შემთხვევით გადავრჩით, ფეხზე წამოდგომას ვცდილობთ და ვისაც ღია ომს გვიცხადებს სისტემა. ნუ გეშინიათ გულწრფელობის, ნუ გეშინიათ სიმართლის მხარეს დგომის, ნუ გეშინიათ, რომ ამის გამო ნაკლები ადამიანი მოვა აქციაზე, ან ნაკლები ადამიანი მოგცემთ ხმას. ახლავე გვაჩვენეთ, რომ ხართ მათ გვერდით, ვის გვერდით დგომაც შეიძლება მომგებიანი არა, მაგრამ სამართლიანია. ახლავე გვაჩვენეთ, რომ ხართ პრინციპულები და შეუვალები სიძულვილის მთავარი წყაროების მიმართ, მიუხედავად იმისა, კომფორტულია და ადვილი მათთან დაპირისპირება, თუ არა. მოგვეცით საშუალება გენდოთ! მხოლოდ სიმართლე და გულწრფელობა შეიძლება გახდეს ის, რაც ამ ბოროტებაზე გამარჯვების შესაძლებლობას მოგვცემს. გულწრფელობა და სოლიდარობა! სოლიდარობა თითოეული ადამიანის მიმართ, ვისაც ეს ჭირდება!