როგორ მოვიქცეთ, როდესაც თავს უიმედოდ ვგრძნობთ - ბედნიერების ხელოვნება

ადამიანებს ოპტიმისტური განწყობილება უყვართ და მოსწონთ, როდესაც საკუთარი ცხოვრების განვითარების მიმართულებას აკონტროლებენ.

გაგაცნობთ The Atlantic-ის ჟურნალისტის, არტურ ბრუკსის სტატიას, რომელშიც მოცემულია რამდენიმე რჩევა, როგორ შეიძლება ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ბედნიერი მომავლის იმედი შევინარჩუნოთ.

"შენ, ისევე როგორც ყველა მომავლის რწმენით ცხოვრობ - ეს ადამიანის ბუნებაა. ასეა, თუმცა პანდემიამ მსგავსი თვისების შენარჩუნება საკმაოდ დიდ სატანჯველად გადააქცია.

ფსიქოლოგებმა და ფილოსოფოსებმა, მარტინ სელიგმანმა და მისმა კოლეგებმა თავიანთ წიგნში, "ჰომო პროსპექტუსი", დაწერეს, რომ ადამიანები "პერსპექტიული" არსებები ვართ. სელიგმანი საკუთარ წიგნში წერს, რომ ადამიანი საკუთარი ფიქრების 30-50%-ს შორეულ მომავალს უთმობს.

ადამიანები მომავლით ვცხოვრობთ და სწორედ ამის გამო გვიჭირს მედიტაცია. ასეთი ხერხით ჩვენ საკუთარ თავებს სრულყოფილად წარმოვიდგენთ. მედიტაციის პრაქტიკოსები ამ ფენომენს "მაიმუნის გონებას" უწოდებენ: მაიმუნს არ სურს, რომ ერთ ადგილას იჯდეს; მას მომდევნო ხეზე გადასვლა და იმის ნახვა უნდა, თუ რა ხდება იქ.

იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში ცხოვრებით უამრავ დროს ვხარჯავთ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვართ ბედნიერები, როცა მომავალი განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებითაა სავსე და ამ შესაძლებლობების განხორციელების კონტროლი გარკვეულწილად მაინც ჩვენზეა. სწორედ ამიტომ, თავის საშინლად საგრძნობლად იდეალური კოქტეილი პესიმიზმი და გარემოებებზე კონტროლის ნაკლებობაა.

პანდემიის დამსახურებით მომავალი რთულად და ბუნდოვნად წარმოგვიჩნდება. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ყველანი დიდი მონდომებით საკუთარი თავისა და ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე ვართ კონცენტრირებულნი, ცოტა ჩვენგანს თუ აქვს მომავალზე კონტროლის ქონის შეგრძნება. შედეგად კი ბევრ უსიხარულო და გატანჯულ მაიმუნს ვიღებთ. მაგალითად, Gallup-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში მომავლის მიმართ გაჩენილი პესიმიზმი პანდემიისას შესამჩნევად გაიზარდა. ეს კი ადამიანების ზოგად ხედვაზე მოქმედებს: "ყოველდღე ვიღვიძებ და აღარაფერს ველოდები", ამას წინათ მეგობარმა თავისი გრძნობები გამიმხილა, "მხოლოდ საწოლში დარჩენის სურვილი მაქვს".

ჩვენ პესიმიზმს მსუბუქად ვუდგებით ხოლმე და ისეთ სახალისო პესიმისტ პერსონაჟებს ვქმნით, როგორებიცაა, მაგალითად, ვირი იო-იო "ვინი პუჰიდან" და ჩარლი ბრაუნი.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეტად იმედიანები გავხდეთ?

1. გამოაღვიძეთ თქვენი შინაგანი ადვოკატი

პესიმიზმი რეალობას ამახინჯებს. როგორც სელიგმანი და მისი კოლეგები ამბობენ, პესიმისტებს შეუძლიათ, მუდმივად ცუდის მოლოდინს კამათის ტექნიკით შეებრძოლონ. ეს ტექნიკა გულისხმობს მომავლის შესახებ უარყოფითი დაშვებების სიტყვიერად გამოთქმას და რეალური ფაქტებით მათ გაცამტვერებას.

აი, მაგალითიც: უნივერსიტეტში ვასწავლი და ძალიან მიყვარს სტუდენტებთან ერთად აუდიტორიაში დროის გატარება. ეს სიხარულსა და ენერგიას მანიჭებს. ვირუსის წყალობით ახლა ყველა საგანი ონლაინაა; შესაბამისად, ჩემი ლექციების ჩაწერა სახლში, ჩემ მიერ შექმნილ სტუდიაში, წინასწარ მიწევს ხოლმე. ერთადერთი მიღებული უკუკავშირი ის შეტყობინებაა, რომელიც მახსენებს, რომ კომპიუტერის მყარ დისკზე ადგილი ამომეწურა.

ერთ დღესაც საკუთარი თავი იმ ბნელი ფიქრებით მოცული გამოვიჭირე, რომ პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა ვეღარასდროს მომეცემოდა; რომ სამუდამოდ ეს იქნებოდა ახალი ნორმა. ჩემი ამგვარი პესიმისტური აზრები კი იმ სტატიებმა გამოიწვია, რომლებიც პანდემიის შესახებ წავიკითხე. მათ შორის იყო ტექსტი სათაურით, შეცვლის თუ არა სამუდამოდ კორონავირუსი საუნივერსიტეტო გამოცდილებას? ჩემი სასწავლებლის შემთხვევაში ეს სრულიად დაუსაბუთებელი და შეუსაბამო დასკვნა იყო, სწორედ ამიტომ მას ფაქტები დავუპირისპირე: სინამდვილეში, ჩვენ ნელ-ნელა ჰიბრიდული მეთოდის დადგენაზე ვმუშაობთ და პირისპირ შეხვედრებსაც ვგეგმავთ. მშვენიერი შანსი არსებობს, რომ მომავალი წლისთვის აუდიტორიაში დაბრუნება შევძლო. ჩემი ამჟამინდელი სამუშაო მდგომარეობა ერთფეროვანი, მაგრამ დროებითია.

ამგვარად, როგორც წესი, თქვენი მომავალი იმაზე უფრო ნათელია, ვიდრე ყველაზე მძიმე და ბნელ მომენტებში წარმოგიდგებათ ხოლმე. ამიტომაც, დაუპირისპირდით თქვენს პესიმიზმს არა უაზრო ოპტიმიზმით, არამედ ფაქტებით. ის მომავალი წარმოიდგინეთ, რომელშიც ყველაფერი ცუდად სულაც არაა და საკუთარ თავთან ისე დაიცავით ამ სცენარის სარწმუნოობა, როგორც ადვოკატი იქცევა სასამართლოში. ამ დროის განმავლობაში კი ნაკლები სტატია წაიკითხეთ პანდემიაზე. ამით ახალს არაფერს იღებთ, უბრალოდ ცდილობთ, მომავლის შესახებ ბუნდოვანება ცოტათი გაფანტოთ, რაც ამ შემთხვევაში შეუძლებელია.

2. აქციეთ შეზღუდვები გადაწყვეტილებებად

ერთი პერიოდი ფულს სამხედრო ანალიზების შედგენით ვაკეთებდი. როცა საქმეში რაიმე პრობლემა მექმნებოდა, ჩემი უფროსი მეუბნებოდა, რომ "შეზღუდვები გადაწყვეტილებებად გარდამექმნა". სხვა სიტყვებით, ყოველი პრობლემის მოცემულობად მიღების ნაცვლად, თითეული მათგანის გამოკვლევა არსებული შემზღუდველი გარემოებების ჩამოწერით უნდა დამეწყო და შემდეგ მომეფიქრებინა, თუ როგორ შემეცვალა ისინი.

ეს მეთოდი კორონავირუსისა და კარანტინის მაგალითზე განვიხილოთ: ყველაზე ხშირად გამოთქმული უკმაყოფილება იმას ეხება, რომ ჩვეულ რეჟიმში ვეღარ ვმუშაობთ და ასე ჩვენი პროდუქტიულობის მაჩვენებელიც დაბლა იწევს. ამ სიტუაციაში საკუთარ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ. ეს, შეიძლება, თანამშრომლებისგან იზოლაციის ან ზუმის გადაღლილობის გამო ხდება, თუმცა მიზეზი რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ არსებული მდგომარეობა ლამის გამაგიჟებელია. უამრავი ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს ერთფეროვნების და წარუმატებლობის გამომფიტავ ციკლშია ჩაბმული.

ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი პროდუქტიულობის მნიშვნელობის შეცვლაა. ბევრ ჩვენგანს პროდუქტიულობის ცნების ჩამოყალიბებული განმარტება აქვს, რაც სამუშაო შედეგის მიხედვით განისაზღვრება. შეიძლება, ზოგიერთს არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ, მაგალითად, ამერიკელები, როგორც წესი, იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე მათ თავიანთი სამსახური ავალდებულებთ. 2018 წელს აშშ-ის მოგზაურობის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 55%-მა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება სრულად არ გამოიყენა, მთლიანობაში კი 768 მილიონი გამოუყენებელი დღე დაგროვდა. აღსანიშნავია, რომ კვლევაზე დაყრდნობით, გამოკითხულთა 54%-მა განაცხადა, რომ როცა ისვენებს, თავს ამის გამო დამნაშავედ გრძნობს.

თუ ამ კვლევის შედეგებში საკუთარი თავი ამოიცანით, მაშინ გირჩევდით, რომ ეს პერიოდი პროდუქტიულობის მნიშვნელობის გადაფასებისთვის დაგეთმოთ. მართალია, პანდემიამ უამრავი სამსახურის ბევრი ასპექტი გაართულა, მაგრამ ცხოვრების სხვა, ნამდვილად პროდუქტიული ნაწილები თქვენს ყურადღებას ითხოვენ. შეგიძლიათ, ვარჯიში დაიწყოთ, ახალი უნარების შეძენაზე იმუშაოთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ დრო ან სულაც მედიტაციის საშუალებით თქვენში მცხოვრები მაიმუნის მოთვინიერება ისწავლოთ. ეს პროდუქტიულობის ის ტიპებია, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივაში სარგებლის მომტანი იქნება. ისინი პანდემიის დასასრულს უფრო ჯანსაღი და ბედნიერი ბალანსის მიღწევაში დაგეხმარებათ.

პანდემიასთან, ან ზოგადად ცხოვრების რთულ პერიოდთან, გამკლავების ყველაზე ჯანსაღი გზა განვითარებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობაა, ოღონდ იმ ნეგატიური ემოციების უარყოფის გარეშე, რომლებიც რთულ პერიოდს მუდამ თან ახლავს. როგორც კი COVID-19-ის მიერ დაუფლებულ პესიმიზმს დავუპირისპირდებით, ნელ-ნელა ცხოვრებაში მის შემჩნევას დავიწყებთ და, შესაბამისად, მასთან გამკლავებასაც შევძლებთ.

თუ იღბლიანები ვართ, ეს ყველაზე უმწეო და პესიმისტური პერიოდია, რომლის გავლაც მოგვიწევს. მაგრამ სხვა შემთხვევაშიც, თუ წინ კიდევ უფრო რთული დროება გველის, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმას, რასაც ჩვენში მცხოვრები მაიმუნი ახლა ისწავლის, მომავალშიც გამოიყენებს.

ცნობისთვის - არტურ ბრუკსი არის "ატლანტიკის" ჟურნალისტი, ჰარვარდის საზოგადოებრივი ხელმძღვანელობის პრაქტიკის პროფესორი, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პრაქტიკის პროფესორი და პოდკასტის წამყვანი "ბედნიერების ხელოვნება არტურ ბრუკსისგან"