სად არის ნამდვილი ეკლესია? - ვაჟა-ფშაველას ნაწერები მღვდლებზე, რუსეთსა და ადამიანის უფლებებზე

გენიოსი ქართველი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი ვაჟა-ფშაველა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე წერდა და ეს ნაწერები საუკუნეების მანძილზე ყველა ვითარებას მოერგო. თვალი გადავავლოთ მის შემოქმედებას და ერთად ვნახოთ როგორ მოერგო მისი ნაწერების შინაარსი დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას.

ვაჟა-ფშაველა საკუთარ პუბლიცისტურ ნაშრომში "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" ეროვნულ თვითგამორკვევაზე წერს, და აღნიშნავს, რომ "განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი".

"მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე", - წერდა ვაჟა-ფშაველა.

რუსეთთან დაკავშირებით განხილვას ჩვენ ვაჟა-ფშაველას ნაწერში სახელწოდებით "ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა" ვხვდებით. 

"ეს მეზობელი ერი ხომ დიდი ხანია, რაც ჩვენი მეზობელია და ჩვენ იმისი. ხოლო მეზობლობის წესს რომელიც დაარღვევს, იმას კი განსამართლება, განსჯა უნდა და არა ყვირილი: "მეზობლები ვართ, მეზობლებიო!" ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა, ხუმრობა საქმე არ არის, მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!.. ამგვარი აზრების ქადაგებას არა უშავდა რა კიდევ, რომ ისეთის სხივით არა ჰმოსავდენ, თითქოს ქვეყნის წყლულთა წამალი მხოლოდ ეს არის და სხვა არარა, რომ მთელი ქვეყნის ფიქრს არ აშორებდენ უმთავრესი აზრიდამ, საგნიდამ და არ აცდენდენ ამ ასკუპდი-გადასკუპდის ცქერაში. ამ ვაჟბატონებმა ჯერ ის უნდა იცოდენ, რომ ერი შაერთებულად გენიოსია, იმას შაიძლება გარკვევით არ ესმოდეს თავისი მდგომარეობა, მაგრამ უეჭველია, რომ გრძნობს კი", - წერდა ვაჟა.

ასევე რუსეთთან ურთიერთობა შეეხება ნაწყვეტი ნაწერიდან "სადღეისო წერილი მეგობართან".

"მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა [...] გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა..."

ვაჟა ფშაველა სასულიერო პირებსა და ეკლესიაზე

წარმოგიდგენთ ამონარიდებს ვაჟა-ფშაველას ნაშრომიდან სახელწოდებით - "მღვდლების ვინაობა".

"მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს… ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგეზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ?"

"თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს…"

"გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა".

"დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა.ეს სატკივარი ჟამთა ვითარების ნაყოფია. დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში", - ამბობს ვაჟა.

გენიოსი ქართველი თავისუფლებაზეც წერს - "მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის"

ვაჟა-ფშაველა გენდერულ თანასწორობასა და ტოლერანტობაზე

მწერალი საკუთარ ნაშრომში "სადღეისო წერილი მეგობართან" წერს - 

"მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით".

ამ ამონარიდების წაკითხვის შემდეგ ალბათ ძნელი არ არის იმის გამორკვევა რამდენად ზუსტად აქვს ვაჟა-ფშაველას სხვადასხვა საკითხების ძირეული შინაარსი შეფასებული და განხილული. 

ამავდროულად შესანიშნავი სიზუსტით სწვდება დღევანდელი საქართველოს ყველა ძირეული პრობლემის შინაარსს.