გერმანიაში წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 42 ადამიანი გარდაიცვალა - ათეულობით კი დაკარგულად ითვლება

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით კი დაკარგულად ითვლება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი მოქალაქე, სტიქია ყველაზე ძლიერად რაინლანდ-პფალცის და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონებს დაატყდა თავს. წყალმა სახლები და მანქანები წაიღო.

წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მეზობელ ბელგიაშიც. წყალდიდობაა ნიდერლანდებშიც. სტიქია დასავლეთ ევროპაში ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. 

რაინლანდ-პფალცის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მალუ დრეიერის შეფასებით წყალდიდობა კატასტროფულია.

"არიან დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და ბევრი ჯერ კიდევ საფრთხეშია. ყველა საგანგებო სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და საკუთარ სიცოცხლეს რისკავს", - თქვა დრეიერმა.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია პოლიციის ვერტმფრენები და ასეულობით სამხედრო. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სკოლები დაიკეტა. მნიშვნელოვანი შეფერხებებია ტრანსპორტის გადაადგილებაში. გერმანიის მეზობელ ბელგიაში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

ამინდის პროგნოზის მიხედვით დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმა კვირის ბოლომდეა მოსალოდნელი.