ალტ-ინფოს ყველა წევრი და ძალადობისკენ მომწოდებელი დეკანოზი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი და პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს ყველა წევრი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

​დეკანოზი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად მივიდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დეკანოზი გამოკითხვაზე 5 ივლისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

რაც შეეხება ალტ-ინფოს წევრებს, ხსენებული მედიის წამყვანის თათია გაბრიჭიძის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ "ლიბერალური რეპრესიაა".

"ალტ-ინფოს ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში, ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა. ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს: შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კოკა მორგოშია. 

​ჩვენ ვთვლით, ეს არის შეკვეთა დასავლეთიდან, ეს არის ლიბერალური რეპრესია, რომელსაც ახლა განიცდის ალტ-ინფო", - განაცხადა გაბრიჭიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს” დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.  ჩხრეკა ასევე ჩატარდა „ალტ-ინფოს” კიდევ ერთი დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიაც სახლშიც.

შსს-ს ცნობებით, ჩატარებული სამუშაოები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება.