აქვს თუ არა საქართველოს პანდემიასთან საბრძოლველად საკმარისი საწოლფონდი? - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 უკვე დაკავებულია.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სექტორზე საკმაოდ დიდი დატვირთვაა და შესაბამისად არსებულ საწოლფონდს კიდევ 1 500 საწოლი დაემატება.

„სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება ჩანს, რომ იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სასტუმროებში გადიან მკურნალობას და შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ შესაფერისი გარემო შეიქმნება.