მღვდლები ძალადობრივ აქციაზე - „აი ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიება

მღვდლები ძალადობრივ აქციაზე, - მსგავსი სათაურით სტატიას "აი ფაქტი" ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, 5 ივლისს ჟურნალისტები “ღმერთის სახელით” სცემეს. ცოდვის და ცოდვილების მკვლელობა ჩვენი ვალიაო, ასე გამოაცხადეს. მღვდლები ძალადობას ჯერ ამბიონიდან აქეზებდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ, კიბიდან. ამიტომ, სულაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ რამდენიმე ანაფორიანი “ალტ-ინფოს” მოძალადე ლიდერებსაც უმშვენებდა მხარს. 

გთავაზობთ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების სრულ ტექსტს:

“აი, ფაქტმა” ამოიცნო ის სასულიერო პირები, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს, მრევლის წინასწარი მობილიზებით, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით თუ პირდაპირი გაგებით, მათი გვერდში დგომით. ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, “ალტერნატივა საქართველოსთვის”, ალტ-ინფოს და “ქართული იდეის” ლიდერებთან ერთად დგანან. 

ესენია: 

  1. მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  2. დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  3. მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
  4. დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
  5. მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 
  6. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა
  7. მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  8. მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
  9. მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
  10. მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის  მონასტერი
  11. დეკანოზი არჩილ დათეშიძე –  ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
  12. მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
  13. მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
  14. მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
  15. დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
  16. დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი 
  17. მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
  18. მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
  19. მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  20. მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
  21. მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
  22. მამა ბენიამინ ებრალიძე  – ჯიხეთის დედათა მონასტერი
  23. დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი  – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
  24. მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  25. მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
  26. მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია

მღვდლების აქციაში მონაწილეობის ამსახველი ვიზუალური მასალის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://drive.google.com/drive/folders/15LBl76sdtKptiKYLa6gNX_qLKbRhDccv?usp=sharing

“წინ გველოდება ბრძოლა, ცემა-ტყეპა და ხელკეტები, მაგრამ ეს ბრძოლა დამთავრდება ეროვნულ-პატრიოტული ძალების დიდი გამარჯვებით. ჩვენთან არს ღმერთი,”- ეს სიტყვები, გაგიკვირდებათ და სასულიერო პირმა წარმოსთქვა, მამა გიორგი პავლოვმა. ის აქციაზე ტაძრის მრევლის თანხლებით იყო. 

პარლამენტის წინ სპირიდონ ცქიფურიშვილის შთაგონება, სამშობლოსთვის და ზნეობისთვის იძალადეთო, ბევრმა ადამიანმა მოისმინა. ის მრევლს წინასწარ აგულიანებდა ამ დღისთვის. “დიახ, ჩვენ ეკლესია და სასულიერო პირები ვართ მკვლელები, ოღონდ ცოდვის მკვლელები. ვისაც ზნეობაზე და მორალზე ცოტათი მაინც პრეტენზია აქვს, ყველამ ერთად უნდა ავლაგმოთ ეს სიბილწის პროპაგანდა,”- ამბობდა 4 ივლისს, საკვირაო წირვის შემდეგ.

მანამდე, სპირიდონ ცქიფურიშვილმა ხალხის დაორგანიზებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა “ალტ-ინფოს ჯგუფს, “სუფთა გულის” და “უაღრესად გონიერი” ადამიანებიც უწოდა. ცქიფურიშვილმა თქვა, რომ პირადადაც იცნობდა გიორგის და შოთას. ალბათ ძალადობრივი აქციის სულისჩამდგმელებს, გიორგი ქარდავას და შოთა მარტინენკოს გულისხმობდა. სასულიერო პირი მრევლს 5 ივლისს შეკრებისკენ მოუწოდებდა 27 ივნისიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში. ვარდიგორის მამათა მონასტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი კი ზურაბ მახარაძის ვიდეოებს აზიარებდა. 

5 ივლისს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, “ქართული იდეის” თავმჯდომარეს, ლევან ჩაჩუას უმშვენებდა გვერდს მამა კირიონ ონიანიც. ეს ის სასულიერო პირია, დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილს დამნაშავე და სამშობლოს მოღალატე რომ უწოდა. 

სასულიერო პირები ორგანიზატორების გვერდით იყვნენ მაშინაც, როცა “სირცხვილიას” ოფისის დარბევის და ლექსო ლაშქარავას ცემის შემდეგ, კონსტანტინე მორგოშია კმაყოფილებით აცხადებდა: “პოლიციამ ეს კურდღლები გაიყვანა უკანა გასასვლელით, შეგვიშვეს ჩვენ, დავათვალიერეთ და მათი ოფისი ცარიელია.” ამ დროს პარლამენტის წინ სცენასთან იდგა მამა ბენიამინ ებრალიძე, მამა გიორგი რაზმაძე და ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა არსენ სადუნიშვილი. 

ალტ-ინფოს ლიდერებთან ერთად წინა ხაზზე იდგა მამა მოსე ჭელიძეც. ის პრორუსული გზავნილებით ადრეც გამოირჩეოდა. “ქართველი ერი რუს ერთან ერთად შევხვდებით ქრისტეს, “ – ამბობდა 2019 წელს. 

“არავინ არ გჩაგრავთ თქვენსავე სახლებში. ქუჩაში  კი  არასოდეს მოგეცემათ უფლება ბიწიერების პროპაგანდისა. ქუდზე კაცი 5 ივლისს,” – მრევლს შეკრებისკენ ფეისბუქით მოუწოდებდა მამა გაბრიელ ჩადუნელიც. აქციაზე ის საპატრიარქოს ჩოხოსნებთან ერთად იდგა. 

ეს სასულიერო პირები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელშიც ქომაგობენ. აქტიურად აზიარებენ ლევან ვასაძის და  ალტ-ინფოს გვერდის პოსტებს, მათ შორის ზურაბ მახარაძის და ემრე ქუჩუქის განცხადებებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.