დანიაში კორონავირუსი კრიტიკულ დაავადებად აღარ ითვლება

დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც ცხოვრებას შეზღუდვების გარეშე უბრუნდება. კორონავირუსი საზოგადოებისთვის კრიტიკულ დაავადებად აღარ ითვლება.

ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდა. 

შეზღუდვების გაუქმება განაპირობა ვაქცინაციის მაღალმა ტემპმა. ამ დროისთვის დანიაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 74%.

დანიაში აღარ არის საჭირო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. რამდენიმე ხნით ადრე გაუქმდა დამცავი ნიღბის გამოყენების რეჟიმიც. 

ბოლო ერთი თვეა დანიაში ყოველდღიურად აღირიცხება ინფიცირების რამდენიმე ასეული შემთხვევა. გაზაფხულიდან ერთნიშნა რიცხვს აღარ აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი.

დანიაში, რომლის მოსახლეობა 5.8 მილიონია, პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდა 351 000-მდე ადამიანი და 2600-ზე მეტი გარდაიცვალა.