„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავმდასხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ, 49 წლის შალვა მელიქიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე მარინა ცერცვაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. დაკავებულის ინტერესების დამცველი გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა.

დაკავებულის ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა. ადვოკატის თანახმადვე, ბრალდებულმა მომხდარის მოტივად დაასახელა დიდი რაოდენობით (52 ათასი ლარი) საბანკო ვალდებულება.

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლადანის მე- 8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, შეიარაღებული პირი "საქათველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და 15-მდე მძევლები აყვანა. სამართალდამცველებმა 4-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, შალვა მელიქიშვილი განაიარაღეს და დააკავეს. 

მისი დამსაქმებლის, შოთა დემინაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბოლო დროს ალკოჰოლდამოკიდებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.