საარჩევნო სიაში მყოფი 683 მოქალაქე გარდაცვლილია - სამოქალაქო საარჩევნო კომისია

სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების მოწესრიგებულობა შეისწავლეს.

ორგანიზაციამ 75-დან მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტის საარჩევნო სიები გამოითხოვა და აღმოაჩინა, რომ 1930 წლამდე დაბადებული მოქალაქეების 52% გარდაცვლილია, თუმცა ერთიან საარჩევნო სიაში მაინც არიან რეგისტრირებული. 

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეს სტატისტიკა საგანგაშოა და ასეთი მაჩვენებელი არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე მიუთითებს. 

ამ ტიპის ინფორმაციას მუნიციპალიტეტები მუდმივად აწვდიან იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამის მიუხედავად კი პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

"საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ.

ვფიქრობთ, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე და მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად და არჩევნებში ჩართულ ყველა აქტორს, დაინტერესდნენ ამ საკითხით". – ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.