ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებზე: ეს არის ენმ-ს მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ

"ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი იყო სწორედ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები და მთელი სასულიერო პირები." - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ფარული მასალებს. 

მისი თქმით, ხელისუფლება მორიგ პროვოკაციას არ წამოეგება. 

"არავის არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამები, მღვდელმთავრების... ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები და მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე."- ამბობს ღარიბაშვილი.