გავრცელებული კრებსების მიხედვით, სუს-ი პეტრე ცაავას დისკრედიტაციაში საპატრიარქოს ეხმარებოდა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფარული მოსმენა-თვალთვალის ერთ-ერთ ფაილიში, საუბარია გეგმაზე, რომლითაც, სავარაუდოდ, სუს-ი ცდილობს საპატრიარქოს პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ მდგომარეობაში დაეხმაროს.

გეგმაში სახელად "საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შეჩერების და საპატრიარქოში უკანასკნელ პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა", განხილულია სამომავლო მოქმედების ვარიანტები - კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და პეტრე ცაავას შეხვედრა, სადაც მას უნდა განემარტოს, რომ "პატრიარქის ჰომოსექსუალიზმის შესახებ არ არსებობს მყარი მტკიცებულება" და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება.

ასევე, გეგმის მიხედვით, წმინდა სინოდის წევრებს უნდა განემარტათ პეტრე ცაავასთვის, რომ მისი წინადადებები "მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული" და წარიმართებოდა მუშაობა "უღირსი სასულიერო პირების დასჯაზე". გეგმის მიხედვით, ასევე, უნდა აღნიშნულიყო, რომ "ემოციების ჩაცხრომის შემდგომ" სინოდის წევრები განიხილავდნენ პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში აღდგენას.

დოკუმენტის თანახმად, პეტრე ცაავასთან უნდა აღნიშნულიყო, რომ პატრიარქის "საერთაშორისო ავტორიტეტიდან გამომდინარე" მისი სიტყვები დააზიანებდა არა საპატრიარქოს, არამედ პირადად მას, "ვინაიდან წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ აღმოჩნდება მარტო". ფაილებში მოცემული გეგმის მიხედვით, "კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი" პეტრე ცაავას მოწმეები, რათა მათი მხრიდან გამოირიცხოს "პროცესების ჩვენთვის არასასურველი მიმართულებით წარმართვის შემთხვევაში მათი მხრიდან ილია II-ისა და ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი ტალღა".

ფაილების მიხედვით, პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ პროცესს გარკვეულწილად თვითდინების საშუალება უნდა მისცემოდა, რადგან საპატრიარქოს ინფორმაციით, პეტრე ცაავას, შესაძლოა, აღარ ჰქონოდა პატრიარქისა და საპატრიარქოს დამაზიანებელი დამატებითი ბერკეტები. აქვე დაზუსტებულია, რომ ეს გეგმა იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, "თუ არ ჩავთვლით სავარაუდო მოწმეებს და შესაძლო ზეპირ ბრალდებებს".

დოკუმენტების თანახმად, საპატრიარქოს მიზანმიმართულად უნდა მოეხდინა პეტრე ცაავასა და მისი მხარდამჭერების მადისკრეტირებელი ინფორმაციის ტირაჟირება, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირისა და მათ მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, გვიან ღამით სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები გავრცელდა.

მოგვიანებით, ვებ-გვერდზე, რომელზეც ფარული დოკუმენტები იყო ატვირთული, საქართველოდან პირდაპირი წვდომა შეიზღუდა.