ფარული ჩანაწერების თანახმად, მეუფე ნიკოლოზი 2013 წლიდან რუსეთს, ფულის სანაცვლოდ, ინფორმაცია აწვდიდა

ფარული მოსმენა-მიყურადების ფაილებში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, წერია, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას 2013 წლიდან აწვდიდა.

"განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ. კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას". - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, გვიან ღამით სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები გავრცელდა.

მოგვიანებით, ვებ-გვერდზე, რომელზეც ფარული დოკუმენტები იყო ატვირთული, საქართველოდან პირდაპირი წვდომა შეიზღუდა