ჩანაწერები: სუს-ი LGBT მხარდამჭერთა აქციის ჩასაშლელად, მანეკენების შესყიდვის პროცესს ბლოკავდა

ფარული მოსმენა-მიყურადების ფაილებში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ ცდილობდა სუს-ი 2019 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილი აქცია-პერფომანსი ჩაეშალა. 

სავარაუდოდ, სუს-ისგან გამოჟონილ ფაილებში ვკითხულობთ:

თანასწორობის მოძრაობის” მიერ 17 მაისს დაგეგმილი “მანეკენების პერფორმანსის” განეიტრალების მიზნით, საუბარი შედგა თბილისის ყველა სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციასთან და გაირკვა, რომ თბილისში ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი მანეკენების საჭირო რაოდენობის მარაგი.

თუმცა მიმდინარე წლის 16 მაისს მოსალოდნელია მათი ახალი პარტიის მიღება სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლში”. ხსენებული პროცესი აყვანილია ოპერატიულ კონტროლზე, შედეგად, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში დავბლოკოთ შესყიდვის პროცესი;

ცენტრალურ ქუჩებზე “მანეკენების პერფორმანსის” შესაძლო გამართვის შემთხვევაში, შსს-სთან კოორდინირებულად, მათი პოზიციების გამოყენებით მოხდეს აღნიშნული ორგანიზაციის წევრთა იზოლირება რადიკალური ორგანიზაციებისგან.

„თანასწორობის მოძრაობის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დავით კახაბერი ადასტურებს რომ მსგავსი საუბარი ორგანიზაციაში მართლა იყო.

„ბევრნი ვისხედით დიდ ოთახში და ლაპარაკი იყო 17 მაისს რამე გაგვეკეთებინა თუ არა. ვიღაცამ წამოიძახა ჩვენ თუ ვერ გავდივართ, მოდი, მანეკენები გავიტანოთ და დავდოთო. ეს იდეა იქვე მოკვდა და ამასობაში მთელი ოპერატიული სამუშაოები ჩატარებულა.

პ.ს. დასაფასებელია მათი "რადიკალურ" ორგანიზაციებად მოხსენიება“- ამბობს დავით კახაბერი.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, გვიან ღამით სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები გავრცელდა.

მოგვიანებით, ვებ-გვერდზე, რომელზეც ფარული დოკუმენტები იყო ატვირთული, საქართველოდან პირდაპირი წვდომა შეიზღუდა