თიანეთში 81 წლის მამაკაცი შვილის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს

შსს-მ თიანეთში 81 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად შვილის მკვლელობა ედება. 

უწყების ცნობით, დაპირისპირებას ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა წინ, რის შემდეგაც 1940 წელს დაბადებულმა დ.ფ-მ ცივი იარაღით დაჭრა 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.

დანაშაულის ჩადენის ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღი - დანა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა."- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.