ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამოიტანა. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

ტრაგედიის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია.