ნათია თურნავა სააკაშვილის შიმშილობაზე - მინდა გითხრათ, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს

"მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ."- ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და შიმშილობას ეხმაურეა.

ნათია თურნავას თქმით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო და სააკაშვილის საკითხი იმ შემთხვევაში იქნებოდა მნიშვნელოვანი, ქვეყანაში რომ არავის უჭირდეს. 

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც, სამწუხაროდ, ჯერ სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბერვ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. მაგრამ, ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს."- ამბობს თურნავა. 

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

განცხადებიდან მალევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.