ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

"კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო ქართული ოცნების სიმბოლიკა" - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს. 

"2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო ქართული ოცნების სიმბოლიკა. ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს."- წერია განცხადებაში