IDFI - ეკონომიკურმა შოკმა საქართველოში 350,000 ადამიანი გააღარიბა

"კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა."- ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

ანალიზში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მხოლოდ ივნისის თვეში, საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 70 ათასით.

"კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა საყურადღებო ტენდენციებია, რომლებიც შემდგომ აისახება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებზე. მსოფლიო ბანკის სიღარიბის უახლესი პროგნოზის თანახმად, პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა საქართველოში გააღარიბა 350,000 და აიძულა 800,000-ზე მეტი ადამიანი განიცადოს დაღმავალი მობილობა და შესაბამისადგადაინაცვლოს უფრო დაბალშემოსავლიან ჯგუფში.

გლობალური პანდემიის დროს, 2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამგვარ კრიზისულ ფონზე, პანდემიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და სოციალურად დაუცველი ფენების ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობები იზრდება. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეგავლენის სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს, ერთ-ერთი მათგანი მიზნობრივი სოციალური დახმარებაა."- ვკითხულობთ IDFI-ს ანალიზში.