მეუფე გრიგოლი - სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავების ფაქტს ეხმაურება. მეუფეს თქმით, სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს! ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა "გვიხსნას" ამ შეთქმულებისგან?! მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს."-  წერს მეუფე გრიგოლი. 

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

განცხადებიდან მალევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები.