ე.წ კარტოგრაფების საქმეზე შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილიც დაკითხოს

 ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მიხეილ სანდრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა პირი, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან, აუცილებლად დაიკითხება. 

"აბსოლუტურად ყველა პირი, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაიკითხება და შესაძლებელია, ეს იყოს მიხეილ სააკაშვილიც, თუ მას შემხებლობა ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია", - თქვა პროკურორმა.

საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. 

ცნობისთვის, 2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა სამოქალაქო სექტორის, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიერ.

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.