სააკაშვილის ადვოკატი: პირად ექიმს არ უშვებენ, ამიტომაც თანახმაა ციხის ექიმების ვიზიტზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ცნობით, სააკაშვილი თანახმაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რუსთავის ციხის ექიმებმა შეამოწმონ. 

"ძალიან  მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი და ამის უფლებას არ აძლევენ. სპეკულაციებიი ის უფროა როცა რაღაც ექიმების გუნდზე ვსაუბრობთ, როცა მის პირად ექიმს არ ეძლევა საშუალება შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი. არ ამბობს უარს, სპეკულაციები რომ თავიდან ავირიდოთ, პირიქით არ ამბობს უარს. თანახმაა, მაგრამ მნიშვნელოვანიაა მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან. კიბეებზე უწევს სიარული და აქტიური მოძრაობები უჭირს". - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

განცხადებიდან მალევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.