მადამ ბოზარჯიანცის სახლი, რომელიც ინგრევა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს

დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე, რომელიც წარსულში გუდოვიჩის ქუჩად მოიხსენიებოდა, ¹12-ში „მადამ ბოზარჯიანცის სახლის“ სახელით ცნობილი სამსართულიანი ნაგებობა დგას, რომელიც თბილისელ თამბაქოს მრეწველებს, ძმებ ბოზარჯიანცებს ეკუთვნოდათ. 

დღეს სახლი კატასტროფულ მდგომარეობაშია. სახლის გვერდითა ფასადი ორად გაიყო, დღითიდღე ნაპრალი უფრო და უფრო ფართო ხდება. თბილისის მერია ჯერ არ გეგმას ისტორიული სახლის რეაბილიტაციას, ექსპერტები განგაშის ზარს სცემენ და სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ. 
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ სახლში ხალხი ცხოვრობს, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ყოველწუთას აქვს.  კედლებიდან და ჭერიდან ყოველდღე სახლის ფრაგმენტები ცვივა. ეს ისტორიული შენობა წლებია შეკეთებას ელოდება.
 2019 წელს გამგეობამ გასამაგრებელი პროექტისთვის ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებულმა საინჟინრო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა და პროექტიც მომზადდა, თუმცა არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. კულტურის სპეციალისტმა ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ იგი მოსახლეობასთან ერთადაა ჩართული მერიასთან კომუნიკაციაში და შენობას გულშემატკივრობს. როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, მერიას უარი არ უთქვამს შენობის რეაბილიტაციაზე, თუმცა არც მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებია. მისი აზრით, შენობას გამაგრებაც სჭირდება და რესტავრაციაც.
სახლი წელს 2019 წლიდან ელოდება რეაბილიტაციის გეგმაში ჩასმას. შენობის მიმდებარედ კიდევ 7-8 სახლია გასამაგრებელი, ეს კი ქალაქის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ვარაუდობენ, რომ ოდესღაც უფრო ზუსტად ეცოდინებათ, როდის მოვა ამ შენობის რიგი. მანამდე თუ ტრაგედია არ დაგვატყდა თავს.

ისტორია

1915 წელს ეს სახლი თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო, თუმცა, საუკეთესო ფასადის მქონე სახლის სახელი მაინც ეწოდა, რადგან, ოქროს მედალი და, შესაბამისად, პირველი ადგილი, არავის აღარ მიაკუთვნეს – ორგანიზატორებმა ვერ ნახეს თბილისში სახლი, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატი გახდებოდა. „არტ-ნუვოს” სტილში აგებული შენობის არქიტექტორი მიხეილ ოგაჯანოვი გახლდათ. ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა შეძლებულ ბოზარჯიანცებს ევროპიდან, კერძოდ, ვენეციიდან და პარიზიდან გამოუწერიათ. არსებობს ლეგენდა, რომ ამ სახლის საძირკველში ბრილიანტებია ჩაყრილი – მდიდარი ბოზარჯიანცები და მათი მეგობრები ფაეტონებიდან ყრიდნენ ძვირფას თვლებსა და ბრილიანტებს სახლის ფუნდამენტში, რადგან, მათი აზრით, ბრილიანტი ბედნიერების მომტანი იყო, თუმცა, ოჯახის საქმე  1917 წლის რევოლუციის შემდგომ სულ სხვაგვარად წარიმართა. მაგრამ, მანამდე თამბაქოს წარმოებაზე მოგახსენებთ, რომლითაც დაკავებული იყო ბოზარჯიანცების ოჯახი. პირველი თამბაქოს საწარმო ტფილისში ბოზარჯიანცებმა 1858 წელს გახსნეს, რომელიც მოგვიანებით სააქციო საზოგადოებად აქციეს – „ბოზარჯიანცი და შვილები”. საწარმოს რამდენიმე საფირმო მაღაზია ჰქონდა გახსნილი სასახლის ქუჩაზე, სარაჯიშვილის სახლში და საწარმოსთან ახლოს, ვარდის მოედანზე, ავლაბარში. ცნობისთვის, შენობას „მადამ ბოზარჯიანცის სახლი“ იმიტომ დაერქვა,  რომ მთლიანი ქონება ძმებს თავიანთ მეუღლეებზე ჰქონდათ გადაფორმებული – იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი გაკოტრდებოდნენ. ბოზარჯიანცი მდიდარი ადამიანი რომ იყო, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ის იყო პირველი თბილისელი, რომელსაც ჰყავდა ავტომობილი და მას პარიზიდან ჩამოსული მძღოლი ემსახურებოდა. ავტომობილის სადგომი სახლის ეზოში დღემდეა შემორჩენილი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოზარჯიანცის სახლი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და იქ რამდენიმე ოჯახმა დაიდო ბინა, მათ შორის, ამ სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლავრენტი ბერია ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ 1898 წელს იოსებ სტალინი სწორედ ბოზარჯიანცის თამბაქოს საწარმოში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ წრეს და ამ და სხვა საწარმოების მუშების დახმარებით, 1900 წელს, გაფიცვები მოაწყო. 

1921 წლიდან - საბჭოთა ოკუპაციასთან ერთად მისი იდეოლოგიური „შემჭიდროება“ გარდაუვალი აღმოჩნდა; 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმიის შემოსვლის და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ, გუდოვიჩის (შემდგომში ჭონქაძის) #12-ის ბინადრები ახალმა - წითელმა ელიტამ შეცვალა.

20-იანი წლების „წითელ ტერორს“ ვერც ჭონქაძის #12 ასცდა; სწორედ აქ მოხდა ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი, რომელიც შემდგომ პერიოდში სახელმწიფოსათვის აპრობირებულ პრაქტიკად იქცა - რეპესირებულის ქონების დაუყოვნებლივი ექსპროპრიაცია; ამიერკავკასიის „ჩეკას“ (Зак ЧК) კოლეგიის სანქციით, 1923 წლის 19 მაისს სხვა 14 ოფიცერთან და სამოქალაქო პირთან ერთად დახვრიტეს ჭონქაძის #12-ში მცხოვრები - გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კავალერისტი, ამიერკავკასიის ცალკეული წითელი არმიის ქართული ბრიგადის სამოსწავლო ბატალიონის უფროსი, პოლკოვნიკი. ბრალდებად სახელდებოდა საქრთველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ჩამოყალიბებულ კომიტეტთან („დამოუკიდებლობის კომიტეტთან“) არსებულ „სამხედრო ცენტრთან“ კავშირი, შეიარაღებული აჯანყებისათვის და "ანტანტის ქვეყნების ინტერვენციისთვის" ხელშეწყობის მზადება. ქართველ ოფიცერთა ბირთვის დახვრეტა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შოკი იყო მაშინდელი საზოგადოებისათვის. განსკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა ხიმშიაშვილის ოჯახის ბედი: მეუღლეს ტრავმის შედეგად ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა, ხოლო „ჩეკას“ საინფორმაციო ცხრილის თანახმად, რომელიც დახვრეტილთა ოჯახების ადგილსამყოფელს და მდგომარეობას ასახავს - გოგი ხიმშიაშვილის ბინაში შესახლდა ვაშაძე (სავარაუდოდ, ვაშაძე ალექსანდრე სიკოს ძე, შორაპნის მაზრის ЧОН-ის, საგანგებო დანიშნულების ნაწილების უფროსი).

პარტიის შიდა „წმენდას“ კი 30-იანი წლების ბოლოს, ჭონქაძის #12-ის ბინადარი მეორე ოჯახი - სიმონ ჯუღელის ოჯახი ემსხვერპლა, რომელმაც, გადმოცემით, ამავე სახლში მცხოვრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის სარდლის და საკუთარი ბიძაშვილის - ვალიკო ჯუღელის (ჯუღელი ვალერიან ანთიმოზის ძე) ბინა იმემკვიდრა.

არქიტექტურა

ჭონქაძის 12 ნომერში აშენებული სამსართულიანი სახლი სწორედ ასეთი კომპლექსური ხასიათის მატარებელია. მისი თაღები, კარნიზები და პილასტრები კლასიკურ არქიტექტონიკას ქმნიან, მაშინ როდესაც ფასადის ცალკეული დეტალები, ღიობის მოყვანილობები, აივნები, ორნამენტები არტ-ნუვოს სტილიდანაა  დასესხებული. ასეთი გადაწყვეტა  სხვადასხვა არქიტექტურული სტილის და მათი ისტორიის არათუ კარგ ცოდნას, არამედ ფორმების სინთეზის მაღალ ხარისხს საჭიროებდა. არტ-ნუვოს ღერძული პრინციპებისგან განსხვავებით, შენობაში ჭარბობს მონუმენტურობა, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ ოჰანჯანოვი ითვალისწინებდა სოლოლაკში არსებული ბურჟუაზიული არქიტექტურის კლასიკურ მოტივებს, აქ არსებულ ტრადიციას ფრთხილად უკავშირებდა თანადროულ სტილებს. 

ანალოგიურ ექსპერიმენტს ვხვდებით შენობის ინტერიერშიც, რომელშიც კლასიკური და მოდერნული ნიშნებია გადათამაშებული. აქაც, არტ-ნუვოსთან ერთად, არქიტექტორი მიმართავს გეომეტრიულ ფორმებს და პატერნებს. როგორც ცნობილია ინტერიერის გასაფორმებლად ოჰანჯანოვმა მასალები ესპანეთიდან გამოიწერა. სწორედ ეს ესპანური კაფელი ქმნის ინტერიერის მოკრძალებულ, თუმცა მდიდრულ იერს. 

ეს ბრწყინვალე სახლი, რომელსაც დღემდე „მადამ ბოზარჯიანცს“ ეძახიან, იმითაც არის გამორჩეული, რომ აქ მრავალი ქართული ფილმის ეპიზოდია გადაღებული, მათ შორის: „დათა თუთაშხია“, „მეტიჩარა“, „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და „ტიფლისი“.

დათა თუთაშხია

კადრი კინოფილმიდან „დათა თუთაშხია“, რომელიც ბოზარჯიანცების სახლშია გადაღებული