საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი 10 ნოემბერს ჩანიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართო პროცესი, ხვალ, 10 ნომებერს 13:00 საათზე ჩანიშნა. 

საქმის მოსამართლე ნინო ელიეშვილი იქნება. 

ამის შესახებ, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმაც ისაუბრა. ბექა ბასილაიას თქმით, საქალაქო სასამართლომ დაუკავშირდა და მოითხოვა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში შედგეს, სადაც თავად, ყოფილი პრეზიდენტიც უნდა დაესწროს.  

მისივე თქმით, თუ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლება შეშინებულია და ცდილობს კრიმინალური ხელით პროტესტი ჩაახშოს. 

"დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს საქალაქო სასამართლოში და დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ ჩატარდება სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია. 

არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არგამართვასთან დაკავშირებით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის არგადაყვანასთან დაკავშირებით, არ არსებობს. მითუმეტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბოლო შანსი, ის წარსდგეს სასამართლოს წინაშე. მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, მოიკლებს უკანასკნელ ღონეს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს". - ამბობს ბასილაია.