დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

დაესწრება თუ არა სხდომას თავად  ექსპრეზიდენტი, ამ დრომდე უცნობია.

როგორც სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებას მისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.