მამაკაცი, რომელიც ალკოჰოლურ ზემოქმედებაში მყოფმა პირმა დაჭრა, კლინიკაში გარდაიცვალა - შსს

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში მამაკაცი დაჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი - დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ლ. საგარეჯოში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით." - წერია განცხადებაში. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.