თუ ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს გაათავისუფლებს - ადვოკატი

სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება,- საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს.

ბექა ბასილაიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, მოითხოვენ, რომ მას 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვეყრდნობით ბატონი ნიკა ყიფშიძის განცხადებებს, ასევე კონსილიუმის წევრების განცხადებებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ამავდროულად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესაძლებლობა მიეცეთ "ემპათას" წარმომადგენლებს, რომლებიც არიან მაღალკვალიფიციური დიდი რეპუტაციის მქონე სპეციალისტები.

ყველა ინიციატივა ბუნებრივია განიხილება, ამ დროისთვის სამართლებრივი პროცედურა ამ ნაწილში ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა თუ იარსებებს სპეციალისტების შესაბამისი დასკვნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სამართლებრივი თვალსაზრისითაც შესაბამის ფორმას მივცემთ და შესაბამის მოთხოვნებს წარმოვადგენთ.

სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - თქვა ბექა ბასილაიამ.