ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არაა, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ

ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არაა და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე იმ ფაქტს, რომ საქართველოში "მწვანე პასპორტი" მიენიჭება ყველას, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ.

"მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ", - თქვა ტიკარაძემ.

ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არაა და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია ან პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი. მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა აკრძალულია.