თეა წულუკიანი - რაგბი და კალათბურთი მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა სახეობებსაც უნდა მიექცეს ყურადღება

გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, გვყავს მორბენალები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია,რომელსაც არ ჰყავს ცხენი,-  კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფედერაციებში არსებულ არათანაბარ მდგომაროებაზე ისაუბრა. 

თეა წულუკიანი, რომელსაც დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ, მიიჩნევს, რომ ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს. 

"ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ და ასევე სრულ უთანასწორობას ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს, რომ რაგბი და კალათბურთი არის ის სპორტის სახეობები, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, სხვა სახეობებსაც მიაქციოს სამინისტრომ მეტი ყურადღება. სპორტის სახეობები, იმის მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, უნდა იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა, ასევე ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ერთი მხრივ უნდა გაგრძელდეს ამგვარი სპორტის სახეობებისთვის ხელშეწყობა, მაგრამ უნდა ვაჩვენო კონტრასტი. ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი; გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბლები; გვყავს მორბენალები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია,რომელსაც არ ჰყავს ცხენი. რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს. ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს."- განაცხადა წულუკიანმა.