რომელ ქვეყანაში გაიზარდა ჟურნალისტი ქალების დევნა

2021 წელს მსოფლიოში პიკურ მაჩვენებლამდე გაიზარდა იმ ჟურნალისტების რიცხვი, რომლებიც პროფესიული საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ იუწყება. ყოველწლიური ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის პატიმრობაში მედიის 488 წარმომადგენელი იმყოფება, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის უკან. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ასეთი მასშტაბი გამოიწვია სიტუაციის გართულებამ პირველ რიგში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, მიანმა და ჩინეთი.

როგორც ირკვევა, ბელარუსში წელს იმ ჟურნალისტების რიცხვი, რომლებსაც ხელისუფლება დევნის, 4,5-ჯერ გაიზარდა. ბელარუსის მთავრობა უკანასკნელ პერიოდში იმავე მართვის სტილს ირჩევს, რომელიც მის მეზობელ რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ხელწერად დიდი ხანია იქცა. ლუკაშენკოს მიერ მასობრივი პროტესტების ჩახშობის შემდეგ, ბელარუსში, ერთ წელიწადში დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვმა 7-დან 32-მდე მიაღწია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მედიის წარმომადგენლები განიცდიდნენ აგრესიას და სერიოზულ ზეწოლას აქციების დროს, მათ არ ეძლეოდათ თავისუფლად გადაადგილების ან მუშაობის საშუალება, ისინი პოლიციის მხრიდან რეპრესიულ მიდგომის მსხვერპლები მუდმივად იყვნენ.

გავლენიანი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ ანგარიშში ნახსენებია ტელეგრამ-არხის Nexta-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩიც, რომელიც 23 მაისს, ვილნიუსში მიფრინავდა, მაგრამ ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავი იძულებით მინსკში დასვა და პროტასევიჩი დააკავა. ის ამ დრომდე შინა პატიმრობაში იმყოფება იმ ოპოზიციური საქმიანობის გამო, რომლითაც ბელარუსში იყო დაკავებული. ფაქტია, ლუკაშენკომ დამოუკიდებელ მედიას სერიოზული ომი გამოუცხადა და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ეს ხმა ჩაახშოს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას არაფრით ჩამოუვარდება რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც ყველა ის მედია, რომელიც ხმას იმაღლებდა, „უცხოური აგენტის სტატუსით“ დააჯილდოვა და სერიოზულად შეუზღუდა საქმიანობა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პატიმრობაში უფრო მეტი ქალი ჟურნალისტი იმყოფება, ვიდრე მამაკაცი. როგორც „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ აღნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბელარუსის რეჟიმმა უარი თქვა „ტრადიციულ პატრიარქალურ თმენის ვალდებულებაზე ქალების მიმართ“, ვინაიდან სწორედ ქალების დიდი ნაწილი მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობებში. ერთ-ერთი პირველი, ვინც მინსკში დააკავეს, ეს პოლონური ტელეარხის „ბელსატის“ თანამშრომლები კატერინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა იყვნენ, რომლებსაც პროტესტების გაშუქების გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამას გარდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი ჟურნალისტი წელს ჩინეთში დააპატიმრეს, მათი რიცხვი 127-ია. 2020 წელს მიღებული, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც ჰონკონგში კონტროლის გამკაცრებაზეა ორიენტირებული, ამ რეგიონში 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს. რაც შეეხება მიანმას, 2021 წლის პუტჩის და მასობრივი პროტესტების შემდეგ, თავისუფლება 52 ჟურნალისტს აღუკვეთეს. ასევე, იმ ხუთეულში, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, მედიის ყველაზე მეთი წარმომადგენელის დევნა მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ვიეტნამი (43) და საუდის არაბეთი (31).