1-ელი თებერვლიდან ტრანსპორტში ულიმიტო სისტემა იმოქმედებს - რას გულისხმობს და ვის შეეხება

1-ელი თებერვლიდან ძალაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა იმოქმედებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში 5 იანვრიდან დაიწყება.

„დღეს მინდა სიახლე მივაწოდო ინფორმაციის სახით საზოგადოებას, შემოგვაქვს სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დაინერგება 1-ელი თებერვლიდან და ძალაში შევა, თუმცა, 1-ელ თებერვლამდე, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონიმენტები. 5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში", - განაცხადა კალაძემ.

მან განმარტა, შინაარსობრივად როგორი ტიპის აბონიმენტები იქნება.

„გვექნება ულიმიტო 90- წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი. იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივ ვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად შეეძლებათ მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით სარგებლობა. ამ ტრანსპორტს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში.

ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- დღიანი ბარათი, რომელიც ეღირება 3 ლარი. 1- დღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 3 ლარად. იხდის 3 ლარს და მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერაც უნდა, შეუძლია გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული არ იქნება.

ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- კვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. 1- კვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს ბარათი ძირითადად გათვლილია ტურისტებზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესოა, რომელიც შეღავათიან ფასში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას.

ასევე, ულიმიტო 1- თვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. 1- თვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად, ეს ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღე საშუალოდ 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათ თვიურ დანახარჯს 40-60 ლარით განსაზღვრავს.

ასევე გვაქვს ულიმიტო 6- თვიანი ბარათი, რომელიც 150 ლარი ეღირება, ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის. ასევე გვაქვს 1- წლიანი ბარათები, რომელიც 250 ლარი ეღირება. 1- წლიანი ბარათის მფლობელს შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფით კვლავ იმგზავრებენ მოსწავლეები,  სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

რაც შეეხება შეღავათიან ტარიფებს, 20 თეთრის გადახდით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებეში მომუშავე მანდატურები და სხვა. ასევე გვაქვს შეღავათიანი, 10-თეთრიანი მგზავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.”- განაცხადა კალაძემ.