„მაგთიკომი“ მობილური ინტერნეტის ღირებულებას აძვირებს

"მაგთიკომში" ულიმიტო მობილური ინტერნეტი მთელი დღე და ღამე - 1 ლარის ნაცვლად 1,50 ლარი ეღირება ხოლო 7 ღიანი ულიმიტო ინტერნეტი, 5 ლარიდან 7 ლარამდე გაძვირდა.  

კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებს განუმარტავს, რომ თუ აბონენტისთვის მომატებული ტარიფი მიუღებელია მას შეუძლია კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტოს.

"მომხმარებელი უფლებამოსილია, ახალი პირობების ან ტარიფების ძალაში შესვლამდე, შეცვალოს მომსახურების პაკეტი, ან შეწყვიტოს იმ მომსახურების სახეობა, რომელსაც ეხება ცვლილებები, ან შეწყვიტოს ხელშეკრულება.

თუ მომხმარებელი გააგრძელებს მომსახურების შეცვლილი პირობებით მიღებას, მიიჩნევა, რომ იგი სრულად ეთანხმება ცვლილებებს. მსგავს შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია ჯარიმის გადახდის გარეშე. - წერია მაგთიკომის განმარტებაში.

 „მაგთიკომის“, და „სილქნეტის“  საოპერაციო მარჟები (EBITDA) 40%-ზე მეტი იყო.  მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომსახურებებზე ტარიფების გაიაფების მიზნით, წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიებს საკომუნიკაციო სერვისებზე ფასები არ შეუმცირებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაუქმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების აქციზი, რაც კომპანიების საოპერაციო მარჟის ზრდაზე აისახა, თუმცა არ ასახულა საცალო ტარიფებზე. 

კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მოხმარებად მობილურ მომსახურებებზე, რაც მაგალითისთვის გულისხმობს ულიმიტო ხმოვანი ზარების და 5 გბ ინტერნეტის პაკეტს, საცალო ტარიფი საშუალოზე მაღალია, ხოლო მოხმარების მოცულობისზრდასთან ერთად, მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფების განაკვეთით საქართველოს პოზიცია უარესდება. 

აღნიშნული დასკვნა მსოფლიოში ცნობილმა კვლევითმა კომპანიამ Strategy Analytics-მა თავისი ტარიფებისა და ბენჩმარკინგის სამსახურის Teligen-ის მეშვეობით მოამზადა. მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე საცალო ტარიფების კვლევა 2020 წლის მე-2 კვარტლის სურათს ასახავს. კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის საჭიროება. სწორედ ბაზრის ლიბერალიზაციას და სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესებას

ისახავს მიზნად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვების
რეგულაცია. 

წარმოდგენილი კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ 2020 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ბენჩმარკთან მიმართებით, ფასები მობილური კომბინირებული მომსახურების პაკეტებზე საშუალოზე მაღალია. შესაბამისად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფისა და მომხმარებლისათვის უკეთესი მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად მიწოდების მიზნით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე MVNO რეგულაციის ამოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.