დიმიტრი საძაგლიშვილი - რეპრესიული მანქანის ჭანჭიკმა გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის უფლებების დარღვევაში სასამართლოც ჩართულიყო

ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან,- ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლოს მიერ  სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გააუქმებას. 

ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ  წარმოუდგენელია ასეთ მოკლე დროში მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საკითხის მიმართ „არანორმალური პოლიტიკური ინტერესი" არსებობს. 

"ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლე, ციცინო როხვაძე როგორ რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც ჩართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამართლომ აი ეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ძალიან აშკარად, არც კი ეცადნენ, რომ რაღაც დაემალათ, იმიტომ რომ დაახლოებით 2 კვირაში მიიღო გადაწყვეტილება როხვაძემ საჩივრის წარდგენის შემდეგ, 1-დან 10-მდე ისედაც დასვენების დღეები იყო და სამუშაო დღეებს თუ ავიღებთ, 2 კვირა დასჭირდა სულ რაღაც საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოუდგენელია ამ დროში გადაწყვეტილების მიღება თუ არ არის არანორმალური პოლიტიკური ინტერესი", - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო უნდა დაჯარიმებულიყო.